ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის, “მშვიდობის საბჭოს” პირველი სამიტი 19 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება.
Axios-ის ინფორმაციით, მას არაერთი წევრი ქვეყნის ლიდერი დაესწრება, თუმცა ზუსტი სია ჯერჯერობით უცნობია. როგორც ირკვევა, პირველი სამიტი ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება და მისი მიზანი ისრაელ-ჰამასს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების მე-2 ფაზის ამოქმედებისთვის ფინანსური საფუძვლის მომზადება იქნება. კერძოდ, ტრამპს სურს, მოკავშირე სახელმწიფოებისგან საკმარისი თანხა მოიზიდოს, რათა ღაზას რეკონსტრუქციის პროცესი დაიწყოს. განმარტებითვის, სწორედ ნაომარი რეგიონის აღდგენაა მე-2 ფაზის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ “მშვიდობის საბჭოს” პირველი სამიტის გამართვამდე ერთი დღით ადრე ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
რაც შეეხება თავად ორგანიზაციას, მის წევრებს, ფუნქციებსა და გეგმებს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებულ ახალ საერთაშორისო ორგანიზაციას მიზნად აქვს დასახული, რომ მსოფლიოში ყველა კონფლიქტი დაასრულოს, ასევე აღკვეთოს მათი დაწყების ნებისმიერი მცდელობა. შტატების ლიდერი მიიჩნევს, რომ მის მიერ შექმნილი გაერთიანება გაეროზე ეფექტური იქნება, რადგან ის არ შემოიფარგლება კრიტიკითა და რეზოლუციებით, არამედ მიმართავს უფრო ხისტ, დროულ და ეფექტურ მეთოდებს, რათა პროცესები დაასტაბილუროს და ომის ახალი კერების გაჩენა აღკვეთოს. ახალი ორგანიზაციის თავდაპირველი მიზანი ჰამასსა და ისრაელს შორის, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დასრულება და განადგურებული სექტორის აღდგენა იქნება. შემდგომ პერიოდში კი ის წვლილს შეიტანს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში.
რაც შეეხება მის აღმასრულებელ საბჭოს, ანუ იმ გუნდს, რომელიც ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაზეა პასუხისმგებლები, მას თავად პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს. ამავე საბჭოში არიან: პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, კატარის სტრატეგიულ საკითხთა მინისტრი ალი ალ-თავადი, ეგვიპტის სახელმწიფო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან რაშადი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი, აქტივების მმართველი კომპანია Apollo Global Management-ის ხელმძღვანელი, მარკ როუანი, არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რიმ ალ-ჰაშიმი, ორგანიზაციაში ღაზას წარმომადგენელი, ბულგარელი დიპლომატი ნიკოლაი მლადენოვი, ისრაელელი ბიზნესმენი, იაკირ გაბაი და გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესების წარმართვაში, სიგრიდ კააგი.
რაც შეეხება მის წევრებს, ვხვდებით როგორც ევროპულ, ისე აზიურ, ასევე აფრიკულ და სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებს, თუმცა მათ შორის არაა დიდი შვიდეულის წევრი არცერთი სახელმწიფო. მათმა ნაწილმა მოწვევაზე უარის საკუთარი ნებით განაცხადა, ნაწილმა კი მიზეზად ისეთი კონსტიტუციური შეზღუდვები დაასახელა, რომლებიც მსგავს ორგანიზაციაში შესვლას კრძალავს. ამჟამად, მშვიდობის საბჭოს შემადგენლობა ასეთია: არგენტინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბულგარეთი, ელ-სალვადორი, უნგრეთი, ინდონეზია, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, მონღოლეთი, მაროკო, პაკისტანი, პარაგვაი, კატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ამერიკის შეერთებული შტატები, უზბეკეთი, ალბანეთი, ბელარუსი, კამბოჯა, ეგვიპტე, ისრაელი, ქუვეითი და ვიეტნამი.




























