პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის სამუდამოდ დასრულების შესახებ მის თითქმის ყველა მოთხოვნას დათანხმდა.
მისი თქმით, შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებები "სავარაუდოდ" ამ შაბათ-კვირას გაიმართება და პროცესი "ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს".
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და მედიასთან ინტერვიუების სერიაში ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ "ირანთან ერთად იმუშავებს", რათა მიწისქვეშა ნანგრევებიდან მაღალგამდიდრებული ურანი ამოიღოს და აშშ-ს გადასცეს. მისივე თქმით, ირანი ბირთვული აქტივობების "შეუზღუდავი" ვადით შეჩერების სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას არ მიიღებს.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის დახმარებით ირანი ჰორმუზის სრუტეს ნაღმებისგან წმენდს. მანამდე თეირანმა განაცხადა, რომ კომერციული ნაოსნობისთვის სრუტეს კვლავ გახსნიდა. პრეზიდენტის თქმით, ირანი დათანხმდა, რომ ამ საწყლოსნო გზას "აღარასდროს ჩაკეტავს".
ირანმა ტრამპის განცხადებები სოციალური ქსელებით უარყო.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა და შვიდივე ყალბი იყო. მათ ამ ტყუილებით ომი ვერ მოიგეს და მოლაპარაკებებზეც ნამდვილად ვერაფერს მიაღწევენ", - დაწერა პარასკევს გვიან ღამით ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად გალიბაფმა X-ზე.
გალიბაფმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის ბლოკადის გაგრძელების პირობებში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება.
სახელმწიფო მაუწყებლის (IRIB) მიერ გავრცელებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: "ამერიკელები ზედმეტს ლაპარაკობენ და სიტუაციის გარშემო ხმაურს ქმნიან. ნუ შეცდებით! არავითარი ახალი შეთანხმება არ არსებობს".
საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საკუთარ პოსტში აღნიშნა, რომ სრუტის გახსნა შეზღუდული იქნება და ის ორკვირიანი ზავის ამოწურვამდე (მომავალი კვირის დასაწყისამდე) გასტანს, თუ მანამდე უფრო ფართო შეთანხმება არ მიიღწევა. მისივე თქმით, გადაადგილება მხოლოდ ირანის მიერ დამტკიცებული "კოორდინირებული მარშრუტითაა" დაშვებული. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელი და ლიბანი (აშშ-ის ზეწოლით) ცალკე ომში დროებით ზავზე შეთანხმდნენ, რაც ირანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
ტრამპის განცხადებამ, სრუტის გახსნის შესახებ, ნავთობის ფასების მყისიერი ვარდნა გამოიწვია. გლობალური ბაზრები ინფორმაციას პოზიტიურად გამოეხმაურნენ: ეტალონური მარკის, Brent-ის ფიუჩერსული ფასი 10%-ზე მეტით დაეცა და ბარელზე 89 დოლარს ჩამოსცდა.
პარასკევს უცნობი იყო, რამდენი გემი შეძლებდა ან გაბედავდა ირანის მიერ გამოცხადებული გახსნით სარგებლობას. საზღვაო მიმოსვლის მონიტორინგის ორგანიზაციების ცნობით, დღის ბოლოს გაკეთებული განცხადების შემდეგ სრუტეში ტრაფიკის შესამჩნევი ზრდა არ დაფიქსირებულა.
ამავდროულად, აშშ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას განაგრძობს. Turning Point USA-ის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა: "როგორც კი შეთანხმებას მოეწერება ხელი, ბლოკადაც მაშინვე დასრულდება".
CENTCOM-ის ინფორმაციით, ორშაბათს ბლოკადის ამოქმედების შემდეგ აშშ-ის ძალებმა უკან 21 გემი გააბრუნეს.
Reuters-სა და Bloomberg-თან ინტერვიუებში ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც, სავარაუდოდ, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება. გასულ ჯერზე იქ გამართულ საწყის რაუნდს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა, გუნდში კი თეთრი სახლის დესპანი სტივ ვიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შედიოდნენ.
კითხვაზე, დაესწრებოდა თუ არა პაკისტანში ხელმოწერის ცერემონიას შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა დასწრებოდა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ტრამპმა ასევე უარყო ცნობები, თითქოს აშშ ირანს გაყინულ 20 მილიარდ დოლარს გადასცემდა გამდიდრებული ურანის მარაგებზე უარის თქმის სანაცვლოდ.
"ეს აბსოლუტურად ყალბია. ფული არავის გადაეცემა", - განუცხადა მან Reuters-ს.
ირანი ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნასა და ომის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, გასულ წელს აშშ-ისა და ისრაელის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში 426 კგ მაღალგამდიდრებული, იარაღის ხარისხთან მიახლოებული ურანი მოექცა. მისი ამოღების შესახებ ტრამპმა განაცხადა: "ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ირანთან ერთად, აუჩქარებელი ტემპით შევალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ... მას შეერთებულ შტატებში წამოვიღებთ".
პარასკევს არცერთ მხარეს არ უხსენებია აშშ-ის დამატებითი მოთხოვნები (რომლებიც ირანმა მანამდე უარყო) ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვისა და რეგიონული მარიონეტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ.




























