მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის რეიტინგი რეკორდულ 36%-მდე შემცირდა - რა არის ამომრჩევლის უკმაყოფილების მიზეზი?

ამერიკის პრეზიდენტი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოპულარობა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. Reuters/Ipsos-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მისი საქმიანობის მოწონების ინდექსი 36%-მდე დაეცა. შედარებისთვის, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 40%-ზე იყო.

რეიტინგის ვარდნის მთავარ მიზეზად ირანში დაწყებული ომი და ამის ფონზე საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა სახელდება. საგულისხმოა, რომ ტრამპის მიერ საყოფაცხოვრებო ხარჯებთან დაკავშირებულ რეფორმებს გამოკითხულთა მხოლოდ 25% უჭერს მხარს. არადა, ამ მხრივ პრობლემების მოგვარება მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება იყო.

Reuters/Ipsos-ის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის ეფექტიანობას სკეპტიკურად უყურებს. გამოკითხულთა 61% ირანზე განხორციელებულ დარტყმებს არ ამართლებს, ხოლო 46% მიიჩნევს, რომ ეს ომი გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ის უსაფრთხოებას დააზიანებს. ეკონომიკური კუთხით ვითარება კიდევ უფრო მძიმეა: რესპონდენტთა მხოლოდ 29% ენდობა ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც იმაზე დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს, პრეზიდენტობის ყველაზე რთულ პერიოდში ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ, აშშ-ში ბენზინის ფასი საშუალოდ ერთი დოლარით გაიზარდა. საგულისხმოა ფაქტი, რომ რესპუბლიკელებს შორის მისდამი სტაბილური მხარდაჭერის არსებობს მიუხედავად, ბოლო გამოკითხვებში პირველად გამოიკვეთა უკმაყოფილება ინფლაციისა და გაზრდილი გადასახადების გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები