აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა დააანონსეს, რომ ისინი უკრაინის დედაქალაქში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავლენ. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი უკრაინის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, 24-25 აგვისტოს დაემთხვევა. აშშ-ში უკრაინის დროებით მოქმედმა ელჩმა, ოლჰა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის ვიზიტის განხორციელების სურვილი არსებობს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.
როგორც ირკვევა, უიტკოფისა და კუშნერის სტუმრობაზე შეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის 28 ივლისს, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას შედგა. ვაშინგტონში მოწყობილ მოლაპარაკებებამდე ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბრისას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზეც ისაუბრა, თუმცა მაშინ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.
საყურადღებოა, რომ ეს იქნება ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუსეთში აქამდე უკვე რამდენჯერმე ჩავიდნენ. ცნობისთვის, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში ბოლო შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან 22 იანვარს გამართეს, თუმცა მაშინ მხარეები კონკრეტულზე ვერაფერზე შეთანხმდნენ.




























