პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევრმა, თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა, კევინ ჰასეტმა მკაცრად გააკრიტიკა ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ტრამპის ტარიფების შესახებ. ჰასეტმა კვლევის მიგნებებს „არაზუსტი“ და „შეცდომაში შემყვანი“ უწოდა, ხოლო თავად ნაშრომი შეაფასა, როგორც „ყველაზე ცუდი ნაშრომი ფედერალური სარეზერვო სისტემის ისტორიაში“.
დაპირისპირების მიზეზი გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ხარჯების აბსოლუტურ უმრავლესობას – თითქმის 90%-ს თავად ამერიკელები იხდიან.
ჰასეტმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ნაშრომი „სირცხვილია“ და მიანიშნა, რომ მის ავტორებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. „ადამიანები, რომლებიც ამ ნაშრომთან არიან დაკავშირებულნი, სავარაუდოდ, უნდა დაისაჯონ“, — აღნიშნა მან.
ჰასეტის ეს განცხადება კიდევ უფრო ამწვავებს თეთრი სახლის დაპირისპირებას იმ კვლევით ორგანიზაციებთან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტარიფები არაპროპორციულად აზარალებენ ამერიკელ მომხმარებლებსა და ბიზნესებს.
საგულისხმოა, რომ გასული წლის აგვისტოში Goldman Sachs-მაც გამოაქვეყნა ანალოგიური დასკვნების მქონე ანალიზი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე მწვავედ გააკრიტიკა და მას „სისულელე“ უწოდა.




























