ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მკაცრი "საპასუხო" ტარიფები, რომელიც აშშ-მა 180-მდე ქვეყნიდან იმპორტზე დააწესა, სმარტფონებზე აღარ გავრცელდება. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
როგორც საბაჟოს და სასაზღვრო კონტროლის სამსახურის(რომელიც სატარიფო გადასახადების შეგროვებაზეა პასუხისმგებელი) განცხადებიდან ირკვევა, სმარტფონებზე, როუტერებსა და ზოგიერთ კომპიუტერ/ლეპტოპზე, გამონაკლისის სახით, ტარიფები (მათ შორის, ჩინეთისთვის დაწესებული ახალი 125%-იანი ტარიფი) აღარ გავრცელდება.
ცნობისთვის, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კვირის განმავლობაში ინტენსიური რყევა აშშ-ის ბაზრებზე მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2 აპრილს სატარიფო ომი კიდევ უფრო გაამწვავა.
საგამონაკლისო პროდუქტების განსაზღვრა პირველი ნაბიჯია ტრამპის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების შერბილებისთვის, როდესაც მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკამ აშშ-სგან ყველაზე მაღალი საპასუხო გადასახადი მიიღო. მანამდე ტრამპმა ტარიფები არ გაავრცელა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა, მაგალითად, ფარმაცია, თუმცა, პრეზიდენტის მინიშნებით, გამონაკლის სექტორებზე ტარიფების დაწესება მაინც იგეგმება.
ჯერჯერობით მკაფიო არ არის, გავრცელდება თუ არა ჩინეთიდან იმპორტირებულ სმარტფონებზე 20%-იანი ტარიფი, რომელიც ქვეყანას ტრამპის მიერ 2 აპრილს გამოცხადებულ საპასუხო ტარიფებამდე დაუწესდა და ამ დრომდე ძალაში დარჩა. შესაბამისად, ჯამურად ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტზე 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.




























