პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, მარია კორინა მაჩადომ დაურეკა და უთხრა, რომ პრიზის მის პატივსაცემად აიღო - ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრმა სახლმა გააკრიტიკა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ კომიტეტმა "მშვიდობას პოლიტიკა არჩია".
ამით თეთრმა სახლმა გააკრიტიკა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება, მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის გადაეცათ, ნაცვლად დონალდ ტრამპისა, რომელსაც პრემიის მისაღებად აქტიური კამპანიაც ჰქონდა და მუდმივად ხაზს უსვამდა თავის როლს მსოფლიო სამშვიდობო შეთანხმებებში.
"პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებს სამშვიდობო შეთანხმებების დადებას, ომების დასრულებას და სიცოცხლის გადარჩენას. მას ჰუმანიტარული გული აქვს და სხვა ვერავინ შეძლებს მასავით მთების გადადგმას, მხოლოდ ნების ძალით", - დაწერა თეთრი სახლის პრესსპიკერმა X-ზე.
თავად დონალდ ტრამპს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება პირდაპირ არ გაუკრიტიკებია, თუმცა აღნიშნა, რომ ბევრი ომის დასრულებაში მიუძღოდა წილი და მაჩადო ალბათ თავის პრემიას დაუთმობდა, რომ ეთხოვა.
"ადამიანმა, ვინც ნობელის პრიზი მიიღო, დღეს დამირეკა და თქვა: "ამ [პრემიას] თქვენს პატივსაცემად ვიღებ, რადგან ამას მართლაც იმსახურებთ". ეს ძალიან თავაზიანი საქციელია. არ მითხოვია, "მაშინ პრიზი მე გადმომეცი-მეთქი", მაგრამ, ვფიქრობ, ასეც მოიქცეოდა", - განაცხადა ტრამპმა რეპორტიორებთან.
10 ოქტომბერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. 2025 წელს ეს ჯილდო მარია კორინა მაჩადოს ერგო. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მას ჯილდო ვენესუელას მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების დაუღალავი დაცვისა და დიქტატურიდან დემოკრატიულ მართვის მოდელზე ქვეყნის მშვიდობიანი და სამართლიანი გადაყვანისთვის ბრძოლაში გადაეცა.




























