აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც კრემლი იტყობინება, შეხვედრამ ოთხ საათზე მეტხანს გასტანა, რა დროსაც მხარეებმა უკრაინის საკითხის გადაჭრის ასპექტები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ვიტკოფის და პუტინის ეს უკვე მესამე შეხვედრაა წელს, რომელსაც პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ვაშინგტონში, კირილ დმიტრიევი "პროდუქტიულს" უწოდებს.
ცნობისთვის, 49 წლის დმიტრიევი, რომელიც რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელია, ვაშინგტონში იმყოფებოდა გასულ კვირას. შესაბამისად, ის პირველი მაღალჩინოსანი იყო რუსეთიდან, რომელიც 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში ჩავიდა.
პარალელურად, გუშინ, 11 აპრილს, ბრიუსელში გამართულ "უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის" შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ NATO-ს მოკავშირეები კიევისთვის $23.8 მილიარდის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთია.
"ეს უკრაინისთვის რეკორდული სამხედრო დახმარებაა. 2025 წელი ამ ომისთვის კრიტიკული იქნება... ახლაა კრიტიკული მომენტი თავდაცვის ინდუსტრიებისთვის, სამხედროებისა და მთავრობებისთვის, რომ იმოქმედონ" - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ შეხვედრის შემდეგ.




























