აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იძულებული გახდა შვეიცარიისკენ მიმავალი გზიდან ვაშინგტონში დაბრუნებულიყო. მიზეზი პრეზიდენტის ხომალდზე, Air Force One-ზე აღმოჩენილი „მცირე ელექტროხარვეზია“ - ამის შესახებ theguardian წერს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიდან გამომდინარე“ მიიღეს, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა ხარვეზი დააფიქსირა. პრეზიდენტთან ერთად მყოფი ჟურნალისტების თქმით, აფრენიდან მალევე პრესის კაბინაში შუქი მცირე ხნით ჩაქრა.
თვითმფრინავის შეცვლამ ტრამპის ჩასვლა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეაფერხა. წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, რაც უკავშირდება ტრამპის მუქარას ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების შესახებ.
დაპირისპირების მთავარი მიზეზი კვლავ გრენლანდიაა. ტრამპი კვლავ გამოხატავს მტკიცე სურვილს კუნძულის აშშ-ისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
მედია წერს, რომ ინციდენტმა კიდევ გაუსვა ხაზი აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავების მდგომარეობაზე. ორი ძირითადი ხომალდი უკვე თითქმის ოთხი ათწლეულია ექსპლუატაციაშია, მათი შემცვლელების გადაცემა კი კომპანია Boeing-ის მიერ არაერთხელ გადავადდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სკანდალი გამოიწვია კატარის მმართველი ოჯახის მიერ ტრამპისთვის ნაჩუქარმა ძვირად ღირებულმა Boeing 747-8-მ. აღნიშნული ხომალდი ამჟამად აშშ-ის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად გადაკეთების პროცესშია.




























