დონალდ ტრამპის მიერ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილმა კევინ უორშმა სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ მას თეთრი სახლისთვის საპროცენტო განაკვეთების შემცირების პირობა არ მიუცია. კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მისთვის კონკრეტული მონეტარული გადაწყვეტილების მიღება არასდროს უთხოვია და დადასტურების შემთხვევაში, უწყება დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ უორშის ეს განცხადება CNBC-თან დონალდ ტრამპის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც პრეზიდენტმა განაკვეთების დაუყოვნებლივ შემცირების მოლოდინი დაადასტურა.
კომიტეტის სხდომაზე დემოკრატმა სენატორებმა 56 წლის ფინანსისტი პოლიტიკური ნიშნით პოზიციების ცვლილებაში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, უორში დემოკრატი პრეზიდენტების დროს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უჭერდა მხარს, ტრამპის მმართველობის პერიოდში კი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას მოითხოვს.
სენატორმა რუბენ გალეგომ კანდიდატის სიტყვები ეჭვქვეშ დააყენა და Wall Street Journal-ის გასული წლის ინფორმაცია გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, ტრამპი უორშს სესხების გაიაფებისკენ მოუწოდებდა.




























