დონალდ ტრამპი ქვეყნის საერთაშორისო ინსტიტუციებიდან გამოყვანას აგრძელებს: ამერიკის შეერთებული შტატები გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) ტოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"UNESCO მუშაობს გამყოფი სოციალური და კულტურული საკითხების წინ წაწევაზე და დიდ ყურადღებას უთმობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს - საერთაშორისო განვითარების შესახებ გლობალისტურ, იდეოლოგიურ დღის წესრიგს - რომლებიც ჩვენს "ამერიკა უპირველეს ყოფილა" საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება", - განაცხადა სახდეპის პრესსპიკერმა, ტამი ბრიუსმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები საერთაშორისო ორგანიზაციებს ტოვებს. ქვეყანა უკვე გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, შეუჩერა დაფინანსება პალესტინის დახმარების სააგენტო UNRWA-ს, დატოვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და განიხილავს აშშ-ის კონტრიბუციას გაერო-ს სააგენტოებში.
ტრამპის გადაწყვეტილება ოფიციალურად 2026 წლის დეკემბრიდან შევა ძალაში. UNESCO-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას წინასწარ მოელოდნენ და ორგანიზაციისთვის, რომლის დაფინანსებაშიც აშშ-ს 8%-იანი წილი უჭირავს, აშშ-ის გასვლა იმხელა დარტყმა არ იქნება, რამხელაც, მაგალითად, ჯანმოსთვის იყო, რომლის მთავარი დამფინანსებელიც სწორედ შეერთებული შტატები იყო.
"პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, გამოიყვანოს შეერთებული შტატები UNESCO-დან, რადგან ის მხარს უჭერს "ვოუქ", საკამათო კულტურულ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება იმ საღ აზრს, რასაც ამერიკელებმა ნოემბერში მისცეს ხმა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კელიმ.
UNESCO-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობების დაცვაა, რაც, აშშ-ის შემთხვევაში, კოლორადოს დიდი კანიონი და სხვა 25 ძეგლია, მათ შორის, თავისუფლების ქანდაკებაც. აშშ 1945 წლიდან იყო UNESCO-ს დამფუძნებელი წევრი, თუმცა ის ორგანიზაციას უკვე მესამედ ტოვებს;
პირველად ვაშინგტონი UNESCO-დან რონალდ რეიგანმა გამოიყვანა 1983 წელს. მაშინდელი ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ გლობალური ორგანიზაცია "ანტიდასავლურ" რიტორიკას ატარებდა. აშშ UNESCO-ში ხელახლა 2003 წელს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გაწევრიანდა.
მეორედ აშშ-მა UNESCO 2017 წელს დატოვა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ ორგანიზაციას "ფუნდამენტური რეფორმები" და ანტი-ისრაელური მიკერძოების გადალახვა სჭირდებოდა. აშშ UNESCO-ში ჯო ბაიდენმა დააბრუნა 2023 წელს.
აშშ-მა UNESCO-ს დაფინანსება შეუჩერა 2011 წელს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროსაც, როცა ორგანიზაციამ პალესტინა აღიარა - პალესტინას გაეროს წევრად ოფიციალურად არ ცნობენ აშშ და ისრაელი.




























