შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აუდიოვიზუალური ტექნიკის მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანიის, Jupiter Systems-ის ჩინური კომპანიისთვის მიყიდვა დაბლოკა.
საუბარია ჰონკონგში დაფუძნებულ Suirui International-ზე, რომელიც სულ რაღაც 5 წლის წინ დაფუძნდა და Jupiter Systems-ის წილების ნაწილობრივი შეძენით ამერიკული კანონმდებლობის ქვეშ მოექცა.
ამერიკის ხელისუფლებამ Suirui-ს Jupiter Systems-ის წილების გაყიდვისთვის 120 დღე მისცა და 2020 წლის შემდეგ ჩინეთში შეძენილი ყველა კომპანიის დათმობა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, Suirui შავ სიაში მოხვდება და მისი საქმიანობა ამერიკაში სრულად აიკრძალება.
ტრამპის გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების უცხოური ინვესტირების კომიტეტის დასკვნა უძღოდა წინ. დოკუმენტის თანახმად, Jupiter Systems-ის ტექნიკა აქტიურად გამოიყენება ამერიკულ შეიარაღებაში. შესაბამისად, კომპანიის მიყიდვა ჩინური კომპანიისთვის შტატების სტრატეგიულ ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს.
თავად Jupiter Systems-ში აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ დადებულ ბლოკს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. აქვე ისინი აღნიშნავენ, რომ საბოლოო ვერდიქტის დადგომამდე, კომპანია საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
ოფიციალურ პეკინს ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.




























