აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრაზე მიიწვია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ტრამპის მიწვევა ფაშინიანს სამშვიდობო მისიების საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის უფროსმა მრჩეველმა, არიე ლაითსტოუნმა გადასცა.
ლაითსტოუნის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა სომხეთსა და აშშ-ს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს და მათ შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა საუბრისას სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის თანმიმდევრული გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს TRIPP-ის პროექტის განხორციელება, რომლის პრაქტიკული ფაზაც 23 ნოემბერს დაიწყო.
მოწვევის თემაზე მედიასთან საუბრისას ფაშინიანმა ისიც თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესში დიდია.
























