ირანში მიმდინარე ომის 28-ე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დაგეგმილი თავდასხმები 10 დღით, 6 აპრილამდე გადადო. მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" მიმდინარეობს. პარალელურად, ირანელი ოფიციალური პირები აშშ-ის წინადადებას "ცალმხრივსა და უსამართლოს" უწოდებენ.
პაკისტანის განცხადებით, ის ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლს ასრულებს. ომის დასრულების მცდელობებს მხარს უჭერენ თურქეთი და ეგვიპტეც, რადგან რეგიონული კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიური ძალისხმევა ძლიერდება.
ომის 28-ე დღეს არსებულ ყველა ცნობას გამოცემა Al Jazeera უყრის თავს:
ირანში:
-
სამხედრო დარტყმები და მსხვერპლი: აშშ-ისა და ისრაელის ძალები ირანის ქალაქების დაბომბვას განაგრძობენ. ირანში დაღუპულთა რიცხვმა 1 900-ს გადააჭარბა.
-
ტრამპმა ვადა გადასწია: მოლაპარაკებების "ძალიან კარგად" მიმდინარეობის მოტივით, ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები 6 აპრილის 20:00 საათამდე შეაჩერა.
-
მოლაპარაკებები და მოთხოვნები: ირანმა აშშ-ის წინადადებას "ცალმხრივი და უსამართლო" უწოდა და 5 მოთხოვნა წამოაყენა, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება.
-
მიუღებელი მოთხოვნები: ირანის 5-პუნქტიანი წინადადება, რომელიც ომის რეპარაციებსა და ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის შენარჩუნებას მოიცავს, თეთრი სახლისთვის, სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება.
-
დარტყმა ფოლადის ინდუსტრიაზე: ირანული მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის ავიადარტყმებმა ირანში ორი მსხვილი ფოლადის ქარხანა დააზიანა.
-
ირანი გემებს აბრუნებს: "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტეში სამი გემი უკან გააბრუნეს, რადგან მარშრუტი მათი „მტრების“ პორტებთან დაკავშირებული ხომალდებისთვის ჩაკეტილია“.
სპარსეთის ყურეში:
-
დარტყმები და მოგერიება: ყურის მეზობელი ქვეყნები ირანის მხრიდან თითქმის ყოველდღიური სარაკეტო და სადრონე იერიშების სამიზნეები არიან.
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: აბუ-დაბიში ჩამოგდებული ჭურვის ნამსხვრევებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები იყვნენ. დაშავებულთაგან სულ მცირე ერთი ასევე ინდოელია.
-
ქუვეითი: გამთენიისას დრონით თავდასხმის შედეგად ქვეყნის მთავარი კომერციული პორტი დაზიანდა. პორტის ადმინისტრაციის განცხადებით, მატერიალური ზიანი ფიქსირდება, თუმცა მსხვერპლი არ არის.
აშშ-ში:
-
იარაღის მარაგების პრობლემა: მიმდინარე ომი აშშ-ის სამხედრო მარაგებს ტვირთავს. ადმინისტრაცია განიხილავს, უკრაინისთვის განკუთვნილი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები ახლო აღმოსავლეთში გადაისროლოს თუ არა.
-
შეხვედრები ვაშინგტონში: კატარის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შეხვდა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული თავდაცვის სტრატეგიების განსახილველად.
-
რეიტინგის ვარდნა და საწვავის გაძვირება: ომი ტრამპის რეიტინგს აზარალებს. Fox News-ის გამოკითხვით, გამოკითხულთა 64% ომის მართვის მისეულ პოლიტიკას არ იწონებს (მხარს მხოლოდ 36% უჭერს), რაც ნაწილობრივ საწვავის ფასების ზრდითაა გამოწვეული.
ისრაელში:
-
არმია დამატებით ძალებს ითხოვს: სამხედრო უწყების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში (სადაც ე.წ. "ბუფერული ზონის" შესაქმნელად "ჰეზბოლას" ებრძვიან) მეტი ჯარისკაცია საჭირო.
-
მსხვერპლი ლიბანში: ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა, სადაც ბოლო დღეებში ტერიტორიების, სოფლებისა და ქალაქების დაკავებას ცდილობენ.
-
შეტევების გაგრძელება: ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ-ის მტკიცების მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესის შესახებ, ირანზე თავდასხმები "არ შენელდება".
ერაყსა და ლიბანში:
-
აფეთქებები ბეირუთში: ლიბანური მედიის ცნობით, პარასკევს გამთენიისას ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე იერიში მიიტანა.
-
აშშ-ის დარტყმები ერაყში: აშშ-მა ერაყის ანბარის პროვინციაში, ჰაბანიას ბაზაზე მიიტანა იერიში. დაიღუპა 5-დან 7-მდე ერაყელი ჯარისკაცი, 23 კი დაიჭრა.
-
ნავთობის ექსპორტი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ერაყის ნავთობის ექსპორტი 70%-ზე მეტით შემცირდა.
-
მზარდი მსხვერპლი: ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვმა 1 116-ს მიაღწია.
-
ჰუმანიტარული კრიზისი: გაეროს გაფრთხილებით, 1.2 მილიონზე მეტი ადამიანის (ყოველი მეხუთე მცხოვრები) იძულებითი გადაადგილების გამო ლიბანი "ჰუმანიტარული კატასტროფის" წინაშე დგას.
ნავთობის ბაზრები:
-
მსოფლიო ბანკის რეაგირება: მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ მზადაა, განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებს მყისიერი ფინანსური დახმარება გაუწიოს და "მასშტაბური რეაგირებისთვის" ემზადება.
-
რუსული ნავთობი ფილიპინებში: სააგენტო AFP-ის ცნობით, ფილიპინებში 700 000-ზე მეტი ბარელი რუსული ნედლი ნავთობით დატვირთული გემი ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ომის დიპლომატია:
-
დიპლომატიური ძალისხმევა: ეგვიპტელი და პაკისტანელი მაღალჩინოსნების ცნობით, შუამავლები ცდილობენ, ირანელებსა და ამერიკელებს შორის პირისპირ შეხვედრა უკვე ამ შაბათ-კვირას პაკისტანში გაიმართოს.
-
პუტინის ინტერესი: G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იოჰან ვადეფულმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ ომს უკრაინაში ჩადენილი "დანაშაულებიდან" ყურადღების გადასატანად იყენებს.
-
G7 აშშ-ისგან სიცხადეს ითხოვს: G7-ის მოკავშირეებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ირანის სტრატეგიასთან დაკავშირებით სიცხადე მოსთხოვეს, დიდმა ბრიტანეთმა კი რეგიონული სტაბილურობის აღსადგენად "სწრაფი მოგვარებისკენ" მოუწოდა.
-
გაეროს უშიშროების საბჭო: რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის მოთხოვნით, პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო ირანზე თავდასხმების განსახილველად დახურულ კონსულტაციებს გამართავს.




























