მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა კანადიდან იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესება გადადო

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადიდან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე ახალი ტარიფების დაწესებას სამი დღით გადადო. მისი განცხადებით, ვაშინგტონსა და ოტავას შორის სავაჭრო შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

„მე შევაჩერე კანადის წინააღმდეგ დაწესებული 50%-იანი ტარიფები, რომლებიც ხვალ დილით უნდა ამოქმედებულიყო, სამი დღით, იმის გათვალისწინებით, რომ კანადასა და აშშ-ს, დოკუმენტების საბოლოო გაფორმების პირობით, აქვთ შეთანხმება!“ - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ტრამპმა განცხადება ტარიფების ამოქმედებამდე 2 საათით ადრე გააკეთა. კანადური იმპორტის დაახლოებით $20 მლრდ-ის ღირებულების საქონელზე 50%-იანი ტარიფი უნდა ამოქმედებულიყო.

აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმე საკითხზე ჩიხშია შესული. მათ შორისაა აშშ-ის მიერ ავტომობილებზე დაწესებული ტარიფები და კანადის რიგ პროვინციებში ამერიკული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვა.

ტრამპი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი მიმდინარე კვირაში ორჯერ ესაუბრნენ ერთმანეთს. ამასთან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს ივლისიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა კანადური საქონლისთვის ახალი ტარიფის დაწესება დააანონსა და შეთანხმებისთვის ვადა 19 აგვისტოსთვის განსაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები