მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომში სამდღიანი ზავი გამოაცხადა

ომი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამდღიანი ზავი ამოქმედდება.

სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შაბათიდან ორშაბათამდე გასტანს.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში სამდღიანი ზავი (9, 10 და 11 მაისი) გამოცხადდება", - დაწერა ტრამპმა.

მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაადასტურა, რომ ოთხ წელზე მეტი ხნის ომის დასრულების მიზნით აშშ-ის ძალისხმევის ფარგლებში სამდღიანი ზავი მართლაც შეთანხმდა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ "ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან სატელეფონო კონტაქტების დროს. თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენლები კიევთან იყვნენ კავშირში".

მისი თქმით, შეთანხმება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს შორის ახლახან გამართულ სატელეფონო საუბარს მოჰყვა, სადაც ლიდერებმა "ხაზი გაუსვეს, რომ ჩვენი ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეები იყვნენ და გამარჯვების დღის აღნიშვნისას ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაც განიხილეს".

მანამდე რუსეთმა შაბათს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ორდღიანი ცალმხრივი ზავი გამოაცხადა. უკრაინამ კი განაცხადა, რომ ზავი თავადაც შესთავაზა, თუმცა მოსკოვმა ეს უგულებელყო.

"ეს მოთხოვნა უშუალოდ ჩემგან წამოვიდა", - განაცხადა ტრამპმა პარასკევს და თანხმობისთვის რუს და უკრაინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

"რუსეთში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, მაგრამ უკრაინაშიც, რადგან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და ფაქტორი იყვნენ. ეს ზავი მოიცავს ყველა კინეტიკური აქტივობის შეჩერებას და ასევე 1000-1000 პატიმრის გაცვლას თითოეული ქვეყნიდან", - აღნიშნა ტრამპმა.

პატიმართა გაცვლა ზელენსკიმაც დაადასტურა.

"ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. იმედია, ეს არის ძალიან გრძელი, მომაკვდინებელი და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი", - დაწერა ტრამპმა.

უკრაინის ომის დასრულება ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი დაპირება იყო. ის ამბობდა, რომ თანამდებობაზე დაბრუნებიდან 24 საათში კონფლიქტს დაასრულებდა.

თუმცა, თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ, ვაშინგტონს გარღვევის მიღწევა უჭირს, რადგან პუტინი ნაკლებად ავლენს მზაობას, ომი დაასრულოს.

შეფერხებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო დაბრკოლება უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქია, რომლის დაახლოებით 3/4-ს რუსეთი აკონტროლებს.

მოსკოვი კიევისგან ითხოვს, გაიყვანოს ჯარები რეგიონის იმ ნაწილებიდან, რომელთა დაკავებაც რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს, თუმცა უკრაინა უარს ამბობს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ კონტროლირებად ტერიტორიებს არ დათმობს.

ზელენსკი მუდმივად უარყოფს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიის დათმობის იდეას. თუმცა, ტრამპმა და კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მანამდე მიანიშნეს, რომ თუ უკრაინას ოთხწლიანი ომის დასრულება სურს, საბოლოოდ მას, შესაძლოა, სხვა არჩევანი აღარ დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები