ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიის საკითხების კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაავალა, დაიწყონ ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშების მომზადება, რაც მიანიშნებს იდეოლოგიურ გადასვლაზე „განუყოფელი უფლებების“ საფუძვლისკენ და იდენტობაზე დაფუძნებული უფლებებისგან დაშორებაზე.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ახალი მიდგომა აშშ-ის მთავრობის მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში აღებულ ვალდებულებას ეფუძნება, სადაც ნათქვამია, რომ უფლებები „შემოქმედის მიერ არის მინიჭებული“ და არა მთავრობის მიერ. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი ანგარიშები, რომლებიც 2025 წელს მოიცავს და მომავალ წელს გამოქვეყნდება, „ჯგუფური იდენტობის“ ნაცვლად, ინდივიდუალურ უფლებებზე იქნება ფოკუსირებული.
როგორც რაუფოღლუ წერს, ოფიციალურმა პირმა პირობა დადო, რომ აშშ ადამიანის უფლებების დარღვევებს „პოლიტიკის მიუხედავად“ გააკრიტიკებს და აღნიშნა, რომ ეს ანგარიშები „მძიმე გავლენას ახდენს ჩვენს ზოგიერთ მეგობარსა და მოკავშირეზე“.
რაუფოღლუს თქმით, პოლიტიკური პატიმრების, ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე კითხვის საპასუხოდ, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში, ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა, რომ ეს საკითხები განხილული იქნება.
„ჟურნალისტების ტრანსნაციონალური ჩაგვრა და დაპატიმრება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ადამიანის სიცოცხლისა და ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფა - რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მთელ მსოფლიოში გავაპროტესტებთ, იქნება ეს მეგობარი თუ მტერი“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ანგარიშების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაამარტივა ინსტრუქციები და მოუწოდა საელჩოებს, გააუმჯობესონ ფაქტების შეგროვება „ადგილზე გასვლით, ხალხთან საუბრით, მონაცემების შეგროვებით“ და „წყაროების სიმრავლის“ გამოყენებით, ერთ, აუდიტირებულ წყაროზე დაყრდნობის ნაცვლად.




























