აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სამხრეთ აფრიკას აშშ-სგან ფინანსური დახმარება შეუწყდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.
აშშ-ის მთავრობის უახლესი მონაცემების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს სამხრეთ აფრიკისთვის დაახლოებით 440 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ასევე შეიმუშავებს გეგმას თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელი ფერმერებისა და მათი ოჯახების ლტოლვილებად გადასახლების შესახებ.
თეთრი სამხრეთ აფრიკელების მდგომარეობა მნიშვნელოვანი საკითხია დასავლეთის სამართლებრივ პოლიტიკაში. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ თეთრკანიანებისგან მიწის უკანონოდ ექსპროპრეაციაში. მემარჯვენეები ასევე ამტკიცებენ, რომ დასავლური წამყვანი მედიასაშუალებები განზრახ უგულებელყოფს სამხრეთ აფრიკაში თეთრი ფერმერების მდგომარეობას, რომლებსაც რეგულარულად ესხმიან თავს და ძარცვავენ.
ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში მიწების ჩამორთმევა ხდება და ადამიანების გარკვეულ კლასს "ძალიან ცუდად" ექცევიან.
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა: ”ირონიულია, რომ აღმასრულებელი ბრძანება ითვალისწინებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას აშშ-ში სამხრეთ აფრიკის ჯგუფისთვის, რომელიც რჩება ეკონომიკურად ყველაზე პრივილეგირებულთა შორის, ხოლო აშშ-ში დაუცველ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან დეპორტირებენ და უარს ეუბნებიან თავშესაფარზე, რეალური გაჭირვების მიუხედავად".
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ გასულ თვეში, ქონებრივი უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, ხელი მოაწერა კონტროვერსიულ კანონს, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, მოახდინოს მიწის ექსპროპრიაცია მესაკუთრის ანაზღაურების გარეშე. აპარტეიდის დროს რასობრივი ნიშნით ქონებრივი უთანასწორობა მკვეთრად გაიზარდა, რომლის შედეგებსაც სამხრეთ აფრიკა დღემდე ებრძვის.
რამდენიმე დღის წინ ტრამპი დაიმუქრა, რომ სამხრეთ აფრიკას ამერიკულ დაფინანსებას შეუწყვეტდა და ქვეყანა "მიწის კონფისკაციასა და ადამიანთა კონკრეტული კლასების მიმართ ძალიან ცუდ მოპყრობაში" დაადანაშაულა.