აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გადააყენა შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი და მის შემცვლელად ოკლაჰომელი სენატორი, მარკვეინ მალინი დაასახელა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონგრესში გამართული მწვავე მოსმენები, სადაც ნოემის ლიდერობა და უწყების მიერ იმიგრაციული პოლიტიკის მართვა მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა.
ცნობისთვის, ნოემის მმართველობის პერიოდი არაერთ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის მინეაპოლისში საიმიგრაციო ოპერაციის დროს აშშ-ის ორი მოქალაქის მკვლელობასა და უწყების ბიუჯეტის გარშემო არსებულ დაპირისპირებას, რამაც ნაწილობრივი „შათდაუნი“ გამოიწვია. როგორც ამერიკული მედია წერს, პრეზიდენტი განსაკუთრებით გააღიზიანა $220-მილიონიანმა სარეკლამო კამპანიამ, რომელიც არალეგალების ნებაყოფლობით დეპორტაციას ისახავდა მიზნად. ნოემმა მოსმენაზე განაცხადა, რომ კამპანია ტრამპმა დაამტკიცა, რაც პრეზიდენტმა საჯაროდ უარყო და აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ახალი კანდიდატი, მარკვეინ მალინი, ტრამპის ერთგული მოკავშირე და პროფესიონალი MMA მებრძოლია. პრეზიდენტმა მას MAGA-ს მეომარი უწოდა და ხაზი გაუსვა მის გამოცდილებას საზღვრის დაცვისა და კრიმინალთან ბრძოლის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მალინი სენატში ერთადერთი აბორიგენი ამერიკელია. ის ჩეროკის ტომიდანაა.
ცნობისთვის, მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ოკლაჰომის გუბერნატორს სენატში ვაკანტურ ადგილზე ახალი წარმომადგენლის დანიშვნა მოუწევს. ტრამპის განცხადებით, მალინი მოვალეობის შესრულებას 31 მარტიდან შეუდგება, ხოლო ნოემი მუშაობას ახალი რეგიონული უსაფრთხოების ინიციატივის, “ამერიკის ფარის” სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე გააგრძელებს.




























