Google-მა, Microsoft-მა, Meta-მ, Amazon-მა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მომუშავე სხვა კომპანიებმა თეთრ სახლში „ტარიფების დაცვის პირობას“ მოაწერეს ხელი, რაც მათ მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ელექტროენერგიის ხარჯების საკუთარ თავზე აღებას ავალდებულებს.
ინიციატივის მიზანი ამერიკელი მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესისთვის გადასახადების ზრდის თავიდან აცილებაა, რასაც ხშირად ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან ენერგიის ჭარბი მოხმარება იწვევს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს შეთანხმება ისტორიული გამარჯვებაა ამერიკული ოჯახებისთვის და ის ქვეყნის ენერგოსისტემას უფრო მდგრადს გახდის.
შეთანხმება კომპანიებს ავალდებულებს, მონაცემთა ცენტრებისთვის საჭირო ენერგია ახალი ელექტროსადგურების აშენების ან არსებული ობიექტების სიმძლავრის გაზრდის გზით მოიპოვონ. დოკუმენტს ხელი OpenAI-მ, xAI-მ და Oracle-მაც მოაწერეს. ტექნოლოგიური გიგანტები ასევე შეთანხმდნენ ენერგოსისტემების მოდერნიზაციის საფასურის გადახდაზე. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა ეკონომიკური უკმაყოფილების განმუხტვის მცდელობაა.
მიუხედავად ზოგადი ოპტიმიზმისა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ხარჯების დაფარვა ენერგიის დეფიციტის პრობლემას სწრაფად ვერ აღმოფხვრის. მთავარ გამოწვევად ახლა ელექტროენერგიის გენერირების ახალი ობიექტების ქსელთან დროულად დაკავშირებაა, რასაც ადმინისტრაციის მიერ ბუნებრივ აირსა და წიაღისეულ საწვავზე ორიენტირებული პოლიტიკა, შესაძლოა, ართულებდეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიური სექტორისთვის ეს ნაბიჯი სტრატეგიული საშუალებაა ადგილობრივი თემების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რათა მომავალში მონაცემთა ცენტრების მშენებლობის შეფერხების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.




























