ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც შტატების ლიდერმა თქვა, ის ნამდვილად მყარი და ძლევამოსილი ლიდერია, რომელსაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა შეუძლია. ტრამპის განცხადებით, ორბანის დამსახურებაა, რომ ახლა აშშ-სა და უნგრეთს შორის ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა არსებობს.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა, სადაც მიიღო თანხმობა, რომ აშშ-ის მიერ რუსულ ენერგოკომპანიებზე დაწესებული სანქციები ქვეყანას არ შეეხებოდა და ენერგეტიკული რესურსების იმპორტს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული კომპანიებისაგან ისევ შეძლებდა. ამავე ვიზიტის დროს მხარეებმა ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაც განიხილეს.
შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 12 აპრილს გაიმართება. მასში ორბანის პარტია Fidesz-ის მთავარი კონკურენტი ამავე პოლიტიკური გაერთიანების ყოფილი წევრის, პიტერ მაგიარის მიერ შექმნილი Tisza იქნება, რომელიც Politico-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო გამოკვლევებით ორბანის პარტიას 10%-ით უგებს და 50%-იან ნიშნულთან ძალიან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოქმედი, ევროსკეპტიკოსი პრემიერისთვის 2 თვეში გასამართი არჩევნები ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე პრობლემურია, რადგან აქამდე მისი პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ასე მკაფიოდ არასდროს დამდგარა. ანალიტიკოსების შეფასებით, ძირითადი სამი მიზეზი, რის გამოც ორბანი მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავს, ეს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, ელიტური კორუფცია და ევროკავშირთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებაა. ეს კი ქვეყანას განვითარებისთვის საჭირო, ბრიუსელიდან მისაღები ფინანსური დახმარების მრავალმილიარდიანი ტრანშების გარეშე ტოვებს.




























