აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ბოლო დროს მომხდარი სამხედრო შეტაკებების მიუხედავად, ირანთან სრულმასშტაბიანი ომის განახლება აღარ სურს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსნებს ეყრდნობა, დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდება. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ზავის შეწყვეტის საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ირანული მხარე ამერიკელ სამხედროებს მოკლავს.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მხოლოდ ის განმარტა, რომ ტრამპი ყოველთვის დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ირანის მიერ შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგების შესახებ პოზიცია მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში სამშვიდობო შეთანხმება კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა, რაც ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. თეირანში აღნიშნეს, რომ ლიბანში ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის გამო, აშშ-სთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს. თუმცა, ამ ინფორმაციის მიუხედავად, მოგვიანებით მედიაში საპირისპირო ცნობები გავრცელდა მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.




























