კალიფორნიის დემოკრატ გუბერნატორს, გევინ ნიუსომს ამერიკის პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა. როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შტატის ხელმძღვანელი განმარტავს, მისი მანდატი 2027 წელს მთავრდება, რაც საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობისთვის იდეალურ შესაძლებლობას აჩენს. შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელიც 2026 წლის შუალედური არჩევნების საკითხზე ტრამპს პირველი დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ თუ რესპუბლიკელები ტეხასის შტატში რუკებს ისე გადახაზავდნენ, რომ მეტი კანდიდატი გაეყვანათ, დემოკრატების სასარგებლოდ იგივე ნაბიჯს თავადაც გადადგამდა.
დემოკრატიული პარტიის დასუსტების ფონზე, ნიუსომის აქტივობამ მნიშვნელოვანი ყურადღება მიიქცია და გააჩინა მოლოდინი, რომ სწორედ ის შეიძლება ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას წინააღმდეგობას გაუწევდა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ნიუსომი საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბრისგან თავს იკავებს. ის განმარტავს, რომ ლიდერობისთვის მზადაა, თუმცა ყველაფერი პოლიტიკურ კლიმატზე იქნება დამოკიდებული.
გევინ ნიუსომი დღესდღეობით პარტიის მემარჯვენე ცენტრისტულ ფრთას წარმოადგენს და მსხვილი ტექ-კომპანიებისთვის სასათბურე პირობების შექმნის პარალელურად, პრიორიტეტად გარემოს დაცვას, იარაღზე კონტროლის გაძლიერებას და უსახლკარობის დაძლევას ისახავს. ბოლო პერიოდში ნიუსომისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კალიფორნიის ხანძრები იყო, როცა შტატი სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე დადგა. მაშინ დონალდ ტრამპმა ნიუსომი არაეფექტურობაშიც კი დაადანაშაულა.
რაც შეეხება თავად ტრამპს, მას არჩევნებში ხელახლა მონაწილეობის უფლებას კონსტიტუცია არ აძლევს, რადგან ის თანამდებობაზე უკვე მეორე ვადით იმყოფება, თუმცა რესპუბლიკელი პოლიტიკოსები მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში არსებულ უზუსტობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი განმარტებით პრეზიდენტს თანამდებობაზე ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გატარების უფლება არ აქვს, ტრამპს კი შუალედში წყვეტა ჰქონდა. და რადგან კანონი არ აზუსტებს, რა ხდება, თუ პრეზიდენტს ორ ვადას შორის აქვს წყვეტა, ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპს ხელახლა კენჭისყრის უფლება აქვს. თუ ეს საკითხი რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ გაიტანა, რჩება კიდევ ერთი სცენარი, რომლის თანახმადაც ტრამპს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად შეეძლება კენჭის ყრა, თუმცა ასეთ შემთხვევაში მათთვის გამოწვევა ბარაკ ობამას პოლიტიკაში ხელახლა მობრუნება შეიძლება გახდეს. დემოკრატები არ მალავენ მზადყოფნას, რომ თუ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის, თავად იგივე კანდიდატურაზე ობამას წარადგენენ.
თუმცა, 2028 წელი ჯერ კიდევ შორს არის, ხოლო ვიხილავთ თუ არა ნიუსომი-ობამას დუეტს დემოკრატიული პარტიიდან, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.




























