აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელის გაყვანას გეგმავენ. ყაზახური მედია წერს, რომ ყაზახმა ინჟინრებმა უკვე დაიწყეს ზღვის ფსკერის შესწავლა, სადაც ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის პირველი წყალქვეშა საკომუნიკაციო ხაზი გაივლის.
კერძოდ, სპეციალისტები სწავლობენ ფსკერის რელიეფს, ნიადაგის შემადგენლობას და ადგენენ, არის თუ არა რაიმე დაბრკოლება მომავალ მარშრუტზე. მსგავსი სამუშაოები აზერბაიჯანის მხარესაც მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, კასპიის ზღვის ფსკერზე სუმგაითსა (აზერბაიჯანი) და აქთაუს (ყაზახეთი) შორის 380 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა იგეგმება. 400 ტერაბიტ/წმ სიმძლავრის წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი მონაცემთა დიდი მოცულობის გადაცემას უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
პროექტი აზერბაიჯანული AzerTelecom-ის და ყაზახური Kazakhtelecom-ის პარტნიორობით ხორციელდება. ტექნიკურ კონტროლსა და საკონსულტაციო მხარდაჭერას ამერიკული კომპანია Pioneer Consulting უზრუნველყოფს.




























