„ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი ბადალოვი მოსკოვში, თავისი სახლის ფანჯრების ქვეშ გარდაცვლილი ნახეს. რუსული მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.
ადგილზე მომხდართან დაკავშირებით ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს და ვითარებას არკვევს. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარის დროს ბინაში მისი მეუღლე და ორი შვილი იმყოფებოდნენ. ანდრეი ბადალოვის ცხედარი საცხოვრებელი კომპლექსის დაცვამ ნახა. RBC-მ ვიცე-პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, „ტრანსნეფტში“ კითხვები გაგზავნა.
62 წლის ანდრეი ბადალოვი „ტრანსნეფტში“ 2021 წლიდან მუშაობდა. ის კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციის ტექნოლოგიების საკითხებს ხელმძღვანელობდა. „ტრანსნეფტში“ დანიშვნამდე ის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.
სააქციო საზოგადოება „ტრანსნეფტი“ რუსეთში 1993 წლიდან ოპერირებს და ის ქვეყანაში მაგისტრალურ მილსადენებს მართავს.




























