მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრანსპორტი იმდენად უჭირს დიდ დიღომს, მოსახლეობა საათებს კარგავს საცობში, ტრამვაი საცობს ძალიან განტვირთავს - ასმათ აბესაძე

თბილისი

კახა კალაძე თბილისელებს დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნებას ჰპირდება, თუმცა ყველაზე ეკოლოგიური ტრანსპორტი ამჯერად დიდი დიღომი - დიდუბის მარშრუტზე ივლის. კალაძე ამბობს, რომ რომ ელექტრო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა მზად 3 წელიწადში იქნება, რაშიც ბიუჯეტიდან 416 მილიონი ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოცხადდა 7.5 კილომეტრიანი სიგრძის ტრამვაის ხაზის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს.

ტრანსპორტის სპეციალისტი ასმათ აბესაძე ჯერ ვერ საუბრობს ზუსტ მარშრუტზე თუ სად მოხდება ლიანდაგების მოწყობა და რა ტიპის ინფრასტრუქტურული ცვლილებები იქნება საჭირო, თუმცა ამბობს, რომ პროექტი დიდი დიღმის მიმართულებით არსებულ სატრანსპორტო კოლაფსს მოაწესრიგებს.

“ერთ ჯერზე 300 კაცის ტევადობის შემადგენლობებს ითვალისწინებს სატენდერო დოკუმენტაცია. ეს ძალიან კარგია. ანუ წარმოიდგინეთ, ტრამვაის ერთი შემადგენლობა შეძლებს, რომ 300 კაცი ერთდროულად გამოიყვანოს უბნიდან და მიიყვანოს სატრანსპორტო კვანძამდე. ეს სატრანსპორტო კვანძი მეტრო დიდუბეს მიმდებარე ტერიტორიაა. ეს არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სადაც თავს იყრის როგორც სარკინიგზო სადგური, ასევე რაიონებიდან და რეგიონებიდან შემომავალი მიკროავტობუსები, ასევე საქალაქო მიკროავტობუსები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორივე სახეობა, ანუ ავტობუსის და მეტროსი. შესაბამისად, აი ეს კავშირი, დიდი დიღომი - დიდუბე, არის ძალიან საინტერესო მგზავრებისთვის და ძალიან საჭირო, რაც მთავარია. დაეხმარება დიდი დიღმის მოსახლეობას, რადგან ისინი საათებს კარგავენ საცობში, ტრანსპორტი იმდენად უჭირს დიდ დიღომს. ამიტომ ტრამვაი ამ საცობს ძალიან განტვირთავს”,- ამბობს ტრანსპორტის სპეციალისტი ასმათ აბესაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები