თბილისის მერია, 2024 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში, გარკვეულ უბნებსა და მონაკვეთებზე დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს. შეზღუდვა შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამით თბილისი საცობებისგან განიტვირთება.
შეზღუდვა დილის საათებში 8-იდან 11 საათამდე პერიოდს და საღამოს 17-იდან 20 საათამდე შუალედს მოიცავს. რეგულირება არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირასა და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებზე.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “არქის” გენერალური დირექტორის განცხადებით, მერიასა და ბიზნესს ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად საგამონაკლისო წესით, დილის საათებში შეზღუდვა არ გავრცელდება მხოლოდ ბეტონმზიდ ტრანსპორტზე, ძირითადად კი ლოგისტიკის პრობლემა შეექმნებათ სამშენებლო მასალების მომწოდებელ კომპანიებს.
„ჩართული ვართ საკითხის განხილვაში, ბიზნესს ასოციაციის ორგანიზებით მერიის წარმომადგენლებმა გააკეთეს ამ პროექტის პრეზენტაცია, სადაც ვესწრებოდით როგორც სამშენებლო-დეველოპერული, ისე სადისტრიბუციო, ტურისტული და სხვა სექტორების წარმომადგენლები. ორჯერ შედგა ასეთი ტიპის შეხვედრა, სადაც მათ შორის განიხილებოდა ბეტონმზიდი და სხვა სამშენებლო ტვირთმზიდი ტრანსპორტის საკითხი. პროექტის პირველად და გადამუსავებულ ვერსიაში არ იყო გამონაკლისებში დილის საათებში ბეტონმზიდები, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად ბოლო ვერსიაში რაც ვნახეთ უკვე გათვალისწინებულია, რომ დილის საათებში 8-იდან 11 საათამდე ბეტონზმიდებისთვის დასაშვები იქნება ქალაქში მოძრაობა.
გვესმის ყველას, რომ გადატვირთული მოძრაობაა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ეს დისკომფორტს უქმნის და გარკვეული ცვლილება საჭიროა ქალაქში, ამას ბიზნესი ვხედავთ, თუმცა ისიც აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ბიზნესის მიმდინარეობა არ უნდა შეფერხდეს, მათ შორის მერიის მხრიდანაც იყო ეს გათვალისწინებული და ბეტონმზიდების საკითხი გაითვალისწინეს.
ბოლო ვერსია, რომელიც ჩვენ ბიზნესასოციაციამ გადმოგვიგზავნა, დაშვებული გამონაკლისი არის მხოლოდ ბეტონმზიდებზე, სხვა ტვირთმზიდებზე, მაგალითად თუ გადააქვს არმატურა ,ბლოკი, ასეთი გამონაკლისი არ არის დაშვებული“,-აცხადებს შიო ხეცურიანი.
მისი თქმით, თუ მერიის პროექტი იმ სახით დამტკიცდება, როგორც ახლაა, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის კომპანიების სამუშაო პროცესს.
„როდესაც 5 საათის მერე არ გვექნება შესაძლებლობა ჩავასხათ ბეტონი ობიექტზე, იძულებულები ვიქნებით დილით ადრე დაიწყოს მშენებლობა. რიგ შემთხვევებში გარკვეული რისკის მატარებელი იქნება ვერ მოესწროს ფილის ჩასხმა. იძულებული ვიქნებით საძირკველი შაბათ-კვირას ჩავასხათ ან რაღაც გამოსავალი მოვძებნოთ და მივმართოთ ადმინისტრაციულ ორგანოებს რომ დაუშვან გამონაკლისი, რომ ფილა არ გაიწყვიტოს და დასრულდეს ისე, რომ რისკი არ წარმოიშვას მშენებლობაზე. ეს რეგულაცია მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს საოპერაციო პროცესებს“,-აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი.
მისი თქმით, სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ბეტონმზიდი მანქანებზე საგამონაკლისო წესის გავრცელება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ლოგისტიკური საკითხებიც იმისთვის, რომ ბიზნესს პროცესს ხელი არ შეეშალოს.
„ როგორიც არის არმატურის, ბლოკის მიღება, კარგი იქნებოდა ეს მიმართულებაც ყოფილიყო გამონაკლისებში. ჩვენ შეგვიძლია ლოგისტიკის აწყობა, რომ ამან ხარჯი არ გამოიწვიოს, თუმცა მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ არმატურის მწარმოებლებს, ისინი რამდენად შეძლებენ ლოგისტიკის აწყობას შეზღუდულ საათებში.
სავარაუდოდ ხარჯის გაზრდა მათ მხარეს უფრო იქნება, თუმცა შემდეგ გადმოვა ჩვენზეც, რაც თვითღირებულებაზე აისახება.
რაც შეგვეხება ჩვენ, თუ ისინი ლოგისტიკურად შეძლებენ მასალების მოწოდებას, მოგვიწევს დილით ადრე მოვიყვანოთ თანამშრომლები და სამუშაო დღე ადრე დავასრულოთ. შესაბამისად, შევცვლით სამუშაო საათებს - 9 საათის ნაცვლად დაიწყებენ 7 საათზე ან 07:30-ზე და დაასრულებენ 17:30-ზე. პირველ რიგში ეს შეგვეცვლება, მწარმოებლის და დისტრიბუტორების მხარეს კი ლოგისტიკური საკითხები უფრო მძიმედ დადგება“,-აცხადებს შიო ხეცურიანი.