2023 წლის 4 სექტემბრიდან, 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 4 დიდ ქალაქში 7610 ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი განცხადებით, მონიტორინგი დედაქალაქის 4 დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდებოდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 3694 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა. მას მოსდევს ქუთაისი, 1449 დარღვევით, 1302 - ბათუმი და რუსთავი 1165 დარღვევა.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 7610 სამართალდამრღვევიდან, 6629 ფიზიკური პირია, ხოლო 981 - იურიდიული პირი. 4706 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2597 - მიკროავტობუსის, 298 - სატვირთო ავტომობილის, 9 კი - ავტობუსის მძღოლების სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა დაინერგა საწარმოებში. პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.