მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნესოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი“- BAG

63902f8c707c3
BM.GE
07.12.22 10:16
861
საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ, საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, სამომავლო ხედვასა და მიზნებს. ამასთან, დისკუსია შეეხო როგორც საავტომობილო, ასევე საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების პრობლემატურ საკითხებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, სექტორის განვითარების მიზნით შემუშავებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან კომუნიკაცია, რამაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველყოს LPI ინდექსში ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება და დარგის ქაოტური განვითარების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებაზე. შესაბამისად, საუბარი შეეხო ახალი პროგრამების შემუშავების აუცილებლობას, საკვალიფიკაციო სტანდარტების დანერგვასა და პროფესიულ სწავლებას, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს.

„ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის ერთ-ერთი საინტერესო საინვესტიციო მიმართულება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. წარმოდგენილი სტრატეგია ნამდვილად ითვალისწინებს დარგის განვითარების სწორ ხედვას და მოხარულნი ვართ, რომ ბიზნეს სექტორი აქტიურად არის ჩართული პროცესში, ვინაიდან თანამშრომლობისა და აქტიური კომუნიკაციის გარეშე სტრატეგიის იმპლემენტაცია და დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა გართულდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები