6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი) ვაჭრობის პირველი კვირის შეფასებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბირჟაზე სულ 6 მონაწილე დარეგისტრირდა:
- სს თელასი;
- შპს ლილო-მოლი;
- სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
- შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
- შპს რიცეულაჰესი;
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.
რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდებას, პირველი კვირის განმავლობაში მოთხოვნის რაოდენობა განსხვავდებოდა როგორც დღის ჭრილში საათობრივად, ასევე კვირის ჭრილშიც დღეების მიხედვით. ყველაზე მაღალი აგრეგირებული მოთხოვნა, 57 მგვტ.სთ, 6 ივლისის 19:00-20:00 მიწოდების პერიოდისთვის დაფიქსირდა. პირველი კვირის განმავლობაში, ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დღეების მიხედვით. მაქსიმალური აგრეგირებული მიწოდება, 20.6 მგვტ.სთ, 6 ივლისის მიწოდების დღის 09:00-22:00 პერიოდში იყო.
მიმოხილვის მიხედვით, მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობისგან განსხვავებით, ძალიან მცირედით იცვლებოდა განაცხადების ფასები. ელექტროენერგიის მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა პირველი კვირის განმავლობაში არ შეცვლილა - ისინი მზად იყვნენ 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიაში გადაეხადათ 122.75 ლარი (12.275 თეთრი/კვტ.სთ). ელექტროენერგიის გამყიდველების მხრიდან არის შეთავაზებული ფასის მცირედით შემცირების დინამიკა. 2024 წლის 6 ივლისის მიწოდების დღისათვის ელექტროენერგიის მცირე რაოდენობა შეთავაზებული იყო კვირის ყველაზე დაბალ ფასად - 126 ლარი/მგვტ.სთ (12.6 თეთრი/კვტ.სთ).
პირველ კვირაში ბირჟაზე გარიგება ვერ შედგა, რადგან მიმწოდებლები და მომხმარებლები ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის როგორც ყიდვის, ისევე გაყიდვის სურვილი მონაწილეთა მხრიდან, ვაჭრობის პირველ კვირაში დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ტრანზაქცია არ შემდგარა. პირველი კვირის განმავლობაში, თითოეული საათისათვის მყიდველების გადახდისთვის მზადყოფნა ნაკლები იყო გამყიდველების მიერ შეთავაზებულ მინიმალურ ფასზე“,- აღნიშნულია ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვაში.
სენბიში იმასაც აღნიშნავენ, რომ ბაზრის მონაწილეების დიდი ნაწილი დაკვირვების რეჟიმშია.
„პირველი კვირა მონაწილეებისთვის იყო ვაჭრობის ახალი შესაძლებლობების გამოყენების მცდელობის კვირა. ვაკვირდებოდით მცირე ცვლილებებს შეთავაზების სტრატეგიებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ივლისის თვეში ფასის მოლოდინების ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საბითუმო ბაზრის მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილია რეგისტრირებული ბირჟაზე, უფრო მეტი მათგანი არის დაკვირვების რეჟიმში. დაკვირვება მოიცავს როგორც შემდგარ ტრანზაქციებზე, ასევე შეთავაზებულ ფასებზე დაკვირვებას“,- ნათქვამია სენბის შეფასებაში.