მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესვლაზე ბევრი არ გვიყოყმანია" - როგორია ენერგეტიკული ბირჟის მონაწილე GIEC-ის მოლოდინები?

ენერგეტიკული ბირჟა

გვჯერა, მონაწილეების მატების კვალდაკვალ, ბირჟის ლიკვიდურობა და შესაბამისად, ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკული ბირჟის ერთ-ერთი მონაწილე კომპანიის, შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (GIEC) მოლოდინები.

პირველ ივლისს ამოქმედებულ ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალ მოდელს ამჟამად 6 მონაწილე ჰყავს. მათ შორისაა ჯიაიჯი ჰოლდინგში (GIG Holding) შემავალი საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაა. კომპანიის აქტივში 8 ჰიდროელექტროსადგური და ასევე, ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 350 მეგავატია.

ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით BMG-ის კითხვებს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის კომერციული დეპარტამენტის უფროსმა, ზაზა ჩიხრაძემ უპასუხა.

როგორ აფასებთ ენერგეტიკული ბირჟის არსებულ მოდელს?

ჩვენი აზრით, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა წინ გადადგმული ნაბიჯია სამიზნე მოდელის (საათის ჭრილში ვაჭრობა, დაბალანსება) სრულყოფილად დანერგვისთვის. ამ ეტაპზე, იგი განიხილება როგორც არასავალდებულო, ერთგვარი დამატებითი დამხმარე ინსტრუმენტი საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობაში.

თქვენთვის რა იყო ბაზარზე შესვლის მოტივაცია?

ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელისთვის. გვაქვს თურქეთის ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება, შესაბამისად, ბევრი არ გვიყოყმანია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე შესვლაზე. მით უმეტეს, რა ფორმითაც ამ ეტაპზე გაიხსნა, ბირჟა წარმოადგენს დამატებით დამხმარე პლატფორმას არსებული ბაზრის ჩარჩოებში. ბირჟაზე დაშვება ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის სრულიად უფასოა, თუ ბირჟაზე ვერ გაიყიდა მოცულობა, იგი ყოველთვის შეიძლება არსებული ბაზრის პირობების შესაბამისად, საანგარიშო თვის დასრულებამდე ორმხრივი ხელშეკრულებით დაკონტრაქტდეს.

რა მოცულობას სთავაზობთ ბაზარს და თუ არის შესაბამისი მოთხოვნა?

ამ ეტაპზე ბირჟაზე ვაჭრობს ჩვენი კომპანია შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, რომლის მხრიდან შეთავაზებულია მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგია და აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა აღემატებოდა ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოცულობას. თუმცა, ჯერჯერობით ბირჟაზე შეთავაზებულ გაყიდვის და ყიდვის ფასებს შორის განსხვავების გამო, ვაჭრობა ვერ შედგა.

ნორმალურია, რომ ვაჭრობა ვერ შედგა და რამდენად შეესაბამება თქვენს მოლოდინებს არსებული მოცემულობა?

ბირჟა ოთხი დღეა რაც გაიხსნა და ალბათ ჯერ ადრეა რაიმე დასკვნებზე საუბარი. ამასთან, დასაწყისს დადებითად ვაფასებთ და გვჯერა მონაწილეების მატების კვალდაკვალ, ბირჟის ლიკვიდურობა და შესაბამისად, ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა გაიზრდება.

როგორია მოლოდინები, ელით თუ არა მეტ მონაწილეს და ბირჟის გააქტიურებას?

ასეთი მოლოდინი გვაქვს. სავარაუდოდ პირველი ორი თვის შედეგებიდან გამომდინარე, უფრო მეტად გამოჩნდება რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ამ ფორმით გახსნილ ბირჟას. გარდა ამისა, მომდევნო წლის ივლისიდან იგეგმება სამიზნე მოდელის სრულყოფილად გაშვება, სადაც არსებული მოდელისგან განსხვავებით (როცა ჯერ კიდევ შეიძლება თვის ჭრილში ვაჭრობა, დაბალანსება) ბირჟა უფრო მნიშვნელოვანი და ბაზრის მონაწილეთათვის აუცილებლად საჭირო პლატფორმის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები