განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობასთან დაკავშირებით უფრო მაღალი მოლოდინი არსებობდა.
როგორც მაია მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი სავაჭრო პლატფორმა საქართველოში სიახლეა, კომპანიები ჯერჯერობით ბირჟაზე ვაჭრობისგან თავს იკავებენ. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ენერგეტიკული ბირჟა სამომავლოდ მეტად გააქტიურდეს, აუცილებელია, კომპანიებისთვის გარკვეული დამატებითი სტიმულების შემუშავება.
მაია მელიქიძის თქმით, კომპანიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რომ ივლისში ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა უფრო დაბალ ფასად შეიძლებოდა, ვიდრე მაგალითად, საბალანსო ბაზარზე, ანუ ესკოსგან.
„ჩვენი მხრიდან ბირჟაზე აქტივობის მხრივ მოლოდინი უფრო მაღალი იყო და დღესაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ უფრო მეტი კომპანია უნდა იყოს ჩართული ვაჭრობაში. ივლისის ფასმა გვაჩვენა, რომ საბალანსო ბაზარზე ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი 15 თეთრის ფარგლებში იყო, მაშინ როდესაც ბირჟაზე ერთი კილოვატსაათის ღირებულება 13 თეთრი იყო. შესაბამისად, ივლისში ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა გაცილებით სარფიანი იყო, ვიდრე ესკოსგან შესყიდვა. ვგეგმავთ, რომ სექტემბრის ბოლოს ბირჟის სამი თვის შედეგებთან დაკავშირებით შეხვედრა გავმართოთ და აუცილებლად ვისაუბრებთ იმ წამახალისებელ მექანიზმებზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს და ენერგეტიკული ბირჟის მიმართ იქნება შეთავაზებული. მაღალი ალბათობით კომპანიებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ, უფრო აქტიურად ივაჭრონ ბირჟაზე, ანუ თრეიდინგის შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟაზე ორი თვის განმავლობაში ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ თითქმის 13 ათას მგვტ.სთ-ს მიაღწია, ხოლო ივლისში საშუალო ფასი ერთ კილოვატსაათზე 12.5 თეთრის ფარგლებში იყო. ამ დროისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე სულ 15 კომპანიაა რეგისტრირებული.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი პირველ ივლისს ამოქმედდა, რომელიც დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში ითვალისწინებს, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.