მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GREDA-ში ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის გააქტიურებას მომავალი წლიდან ელიან

მაია მელიქიძე

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა იანვრიდან გააქტიურდება.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, ამ დროისთვის ბირჟაზე გარიგებების სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი გენერაციის ობიექტებს და მსხვილ მომხმარებლებს შორის გაფორმებული პირდაპირი კონტაქტებია. შესაბამისად, მაია მელიქიძის მოლოდინით, იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის შესყიდვაზე პირდაპირი კონტრაქტები წლის ბოლოს იწურება, ბირჟაზე გარიგებების გააქტიურება მომავალი წლიდანაა მოსალოდნელი.

თუმცა მიღმა ამისა, ასოციაციაში კვლავ ამბობენ, რომ ბირჟის გასააქტიურებლად გარკვეული ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება აუცილებელია. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები ამ თემაზე დისკუსიის გააქტიურებას სახელმწიფო სტრუქტურებთან დეკემბერში გეგმავენ.

„დეკემბერში სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია აუცილებლად შედგება და დარწმუნებული ვარ, რომ წინადადებები ჩამოყალიბდება და იანვარში უკვე უნდა გვქონდეს წამახალისებელი მექანიზმი. ახალი წელი იწყება და ეს პერიოდი უკვე კარგად გამოაჩენს ენერგეტიკული ბირჟის ხელშესახებ სარგებელს. ველოდებით, რომ იანვარში აღარ იქნება პირდაპირი ხელშეკრულებები გაფორმებული და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი და მეტი გამყიდველი შევიდეს ბაზარზე. წლის ბოლომდე პირდაპირი ორმხრივი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, შესაბამისად, მას არავინ დაარღვევდა, წლის ბოლოს იწურება ეს კონტრაქტები და ამიტომ უნდა გავაქტიურდეთ, რომ მეტი სარგებელი დავანახოთ ბიზნესს, თუ რატომ უნდა შევიდნენ ბირჟაზე“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობა კვლავ დაბალია. ოქტომბერში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ შედგა და პლატფორმაზე გარიგებების დადება 3 ნოემბრიდან განახლდა. კერძოდ, 3-11 ნოემბრის პერიოდში ბირჟაზე სულ 4436.5 მგვტ.სთ. მოცულობის ელექტროენერგია გაიყიდა.

ენერგეტიკულ ბირჟაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდებოდა სექტემბერშიც, როდესაც ვაჭრობა მხოლოდ ერთ დღეს, 6 სექტემბერს შედგა და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობამ 232.8 მგვტ.სთ. შეადგინა.

ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები