მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრენინგები ბიზნესისთვის და ახალი სერვისი „ჩემი ზარი“ - შესყიდვების სააგენტო სასწავლო ცენტრის რეფორმას იწყებს

შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი 10 ივლისიდან ახალი სასწავლო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებას იწყებს. უწყების ცნობით, რეფორმის მიზანია შემსყიდველებს მათ საჭიროებებზე მორგებული ცოდნა და პრაქტიკული მაგალითები გაუზიაროს.

სიახლეების ფარგლებში, სააგენტო რამდენიმე სრულიად ახალ სასწავლო მიმართულებას ნერგავს:

აქემდე არსებული სახელმწიფო შესყიდვების კურსი მოდიფიცირებას განიცდის და ორ ნაწილად გაიყოფა:

  • პირველი ნაწილი დაეთმობათ იმ პირებს, რომლებსაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით საბაზისო ცოდნის მიღება ესაჭიროებათ;
  • მეორე ნაწილი კი განკუთვნილი იქნება იმ შემსყიდველებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება და ცოდნის გაღრმავება სურთ.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებით პროგრამა კიდევ უფრო მეტად მოერგება შემსყიდველი ორგანიზაციების რეალურ საჭიროებებს.

უახლოეს დღეებში სასწავლო ცენტრი აამუშავებს ონლაინ ტრენინგების კურსს - „თემატური საკითხები“. პროგრამა სხვადასხვა წყაროდან მიღებული მომართვების ანალიზის საფუძველზე მომზადდა და კონკრეტულ, პრობლემურ თემებზე იქნება ფოკუსირებული.

გარდა ამისა, ცენტრს ემატება ახალი სერვისი „ჩემი ზარი“. მისი საშუალებით, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში მოითხოვონ მინი კონსულტაცია ან ტრენინგი იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც ცხელი ხაზის ან სხვა სტანდარტული კონსულტაციის ფარგლებში ვერ მოხერხდა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, იგეგმება საინფორმაციო შეხვედრების განახლება რეგიონების წარმომადგენლებისთვისაც, რათა მათ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე თუ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მოისმინონ მათი უკუკავშირი.

ამასთანავე, ტრენინგებისა და შეხვედრების ფორმატში პროცესში სრულად ჩაერთვება ბიზნეს სექტორიც, რათა მეწარმეები დეტალურად იცნობდნენ შესყიდვების სფეროში არსებულ სიახლეებს.

„სწავლების ახალი მიმართულებების დანერგვა მნიშვნელოვნად აამაღლებს ცნობიერებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და ხელს შეუწყობს არსებული პროცედურებისა და ინსტრუმენტების სწორად და ეფექტურად გამოყენებას“, - აცხადებენ სააგენტოში.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები