მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თრეველ ჯორჯია ვან“: „მხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა“

ტურიზმი

ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია ვანის“ ბიზნეს დეველოპერის, ვახტანგ ქართველიშვილის ინფორმაციით, წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ევროპელი და ამერიკელი ტურისტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა. „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას, ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მათი კომპანიის მაგალითზე რაოდენობაში ეს რიცხვი 800-დან 100-მდე ტურისტს მოიცავდა.

ჯავშნების გაუქმების მიზეზად კომპანიაში კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო შავი ზღვის დაბინძურების საფრთხეებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ ნაწილში შესაბამისს უწყებებს საინფორმაციო კამპანიის წარმოება დააგვიანდათ. 

“მოლოდინები გაცილებით დიდი გვქონდა. მე ცხადია ვსაუბრობ ჩემი კომპანიის მონაცემებით და არა იმაზე, რაც აჭარის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ დაგვიდო. ჩვენ მხარჯველუნარიან ტურისტებზე ვმუშაობთ, რომელთა რაოდენობა წელს 2022 წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა.

 
შეიკავა თავი ევროპამ, იმიტომ, რომ გაჟღერდა შავი ზღვის შესაძლო დაბინძურებაზე ცნობები. საინფორმაციო კამპანია ამ ნაწილში იყო, თუმცა არასაკმარისი. ეს უნდა ყოფილიყო უფრო ინტენსიური, უფრო დროული, იმიტომ, რომ ჯავშნები გაცილებით ადრე მოგვიხსნეს, ვიდრე კამპანია დაიწყო. თავი შეიკავა ნაწილობრივ ამერიკამ, ევროპამ აბსოლუტურად მოგვიხსნა ჯავშანი, ეს ეხება შვეიცარიას, ავსტრიას, გერმანიას. ჩვენს შემთხვევაში ამ ქვეყნებზე მოდიოდა ჯავშნების 40%, რაც რაოდენობაში 800-დან 100 ტურისტამდეა. პოლონეთი დარჩა, თუმცა ეს არის საშუალო და დაბალი სეგმენტი და ისიც ცოტა რაოდენობით", - განაცხადა ქართველიშვილმა. 

ის ასევე ამბობს, რომ ტურისტული კომპანია ემსახურებოდა არაბულ ქვეყნებსაც, თუმცა წელს ამ ბაზრებიდანაც დაიკლო ტურისტების რაოდენობამაც.

"მცირე ნაწილი შემოვიდა, თუმცა არა ტუროპერატორების დახმარებით, არამედ ბიუჯეტურები. უფრო მხარჯველი ნაწილი გადავიდა თურქეთის ბაზარზე.  მინდა დავიჯერო, რომ ის სტატისტიკა, რაც ქვეყნდება, სწორია. რეალურად ბათუმში შეინიშნებოდა ხალხის ნაკადი, თუმცა ესენი უმეტესად იყვნენ ის ტურისტები, რომლებიც თავად გეგმავენ ტურებს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა. 


მისივე თქმით, რაოდენობის კლებამ დააკორექტირა ზღვისპირეთში არსებული ბრენდული სასტუმროების ფასებიც.

„იმის გათვალისწინებით, რომ რაოდენობამ იკლო, ბრენდულ სასტუმროებს მოუწიათ ფასების დაკლება. შეთავაზება გაგვიკეთეს საქართველოს მოქალაქეებზე და ამით მოხდა ჩანაცვლება,  ფასის ნაწილშიც კლება იყო 40%-მდე. კახეთის რეგიონს ეს ნაკლებად შეეხო, დანარჩენ საქართველოზე, განსაკუთრებით კი დასავლეთზე, ეს აისახა“ - განაცხადა ქართველიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები