მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელმა პარტნიორებმა მძაფრად გვითხრეს, რუსეთში მოგზაურობა რომ გვინდოდეს, იქ წავიდოდითო - ტუროპერატორი

64ba7ea96177e
თამთა ჯიჯავაძე
21.07.23 23:35
1522
ჩვენმა ბრიტანელმა, გერმანელმა, ჩრდილოევროპელმა პარტნიორებმა მძაფრად გვითხრეს, რომ რუსეთში მოგზაურობა რომ გვინდოდეს, რუსეთში წავიდოდითო“, - ამის შესახებ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა გადაცემა „წერტილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრ მატებას განსაკუთრებით მძაფრად ბალტიის ქვეყნები აღიქვამენ. "ეს ისტორიულად ასეა, ისინი ძალიან აგრესიულად არიან განწყობილები", - აღნიშნა ია თაბაგარმა და დასძინა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ვიზიტორების აქ არჩამოსვლა ყველაზე მეტად ზამთრის კურორტებზე აისახება, - "მათ უყვართ თხილამურებით სრიალი, სათხილამურო ტურები, პოსტსეზონური აქტივობები. ასევე, ჩამოდიოდნენ როგორც ველო ტურისტები, მათ უყვართ მთის კურორტები. ისინი იშვიათად ჩამოდიან კულტურული ტურიზმისთვის. დიდი ჯგუფები ნაკლებადაა, მაგრამ მცირე ჯგუფებად ინტენსიურად დადიან მთის რეგიონებში, რაც პატარა საოჯახო სასტუმროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი 10-20 თუ 30 ტურისტის მიერ გადახდილი თანხა, ამ ოჯახებისთვის ნიშნავს მათი არსებობის შესაძლებლობას“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

ტუროპერატორი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობა შემცირდა. როგორც ია თაბაგარი ამბობს, უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია: „ამის არგათვალისწინება არ შეიძლება, თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ უფრო ინტენსიურად მოგვეზიდა ევროპა“. თაბაგარის თქმით, რთულია და არასწორია, როდესაც სახელმწიფო ირჩევს გზას, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ არ ვაწყენინოთ რუსეთს და მეორე მხრივ, გვინდა ევროპასთან.

საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის გახსნილმა საზღვრებმა ტურიზმის სექტორი დააზარალა.

„შეიძლებოდა ყოფილიყო შერბილებული პოლიტიკა, თუმცა რუსებისთვის ასე საზღვრების გახსნა არ იყო სწორი. ამან ძალიან დაგვაზარალა. როდესაც კერძო სექტორი რუსებისთვის ვიზების დაწესებას მოითხოვდა, არავინ მოგვისმინა. საერთოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ არავინ არ გვისმენს. კერძო სექტორში ვგულისხმობ ტუროპერატორებს, გიდებს. ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფოსთან მჭიდრო კომუნიკაცია და დისკუსიები არსებობს. თითქოს გამიჯნულები ვართ, როგორც ჩვენ და თქვენ. არადა ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანი, როცა საქმე ჩვენს ქვეყანას და ტურიზმის ინდუსტრიას ეხება, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი, რეგიონებიც დგას ეკონომიკური თვალსაზრისით და სამუშაო ადგილებით სამასპინძლო ბიზნესსა და ტურიზმზე“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით 78.3%-ით აღდგა და ქვეყანაში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს 76%-ით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით მეზობელი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და სომხეთი იკავებენ. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მიმდინარე წლის ექვს თვეში EU-დან 161 881 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66%-იანი ზრდაა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები