ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი აცხადებს, რომ საქართველო მომდევნო წლებში ტურიზმის მიმართულებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
თაბაგარის შეფასებით, საქართველოს ტურისტული სტრატეგია წლების განმავლობაში ევროპელ ვიზიტორებზე იყო ორიენტირებული და სწორედ ეს მიმართულება უნდა დარჩეს პრიორიტეტად. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირიდან არა მხოლოდ ტურისტების ნაკადია შემცირებული, არამედ ის პროექტებიც, რომლებიც რეგიონების განვითარებას უწყობდა ხელს.
„წლების წინაც ვამბობდი და დღესაც იმავეს ვამბობ, რომ საქართველოს ტურიზმის მთავარი მომხმარებლები აუცილებლად უნდა იყვნენ ევროპელები. ჩვენი ტურისტული პროდუქტი ვითარდებოდა იმისთვის, რომ მისი მომხმარებელი ყოფილიყო ევროპული კულტურის წარმომადგენელი. ძალიან რთულია აზიაზე გადართვა და მით უმეტეს, როდესაც ეს ქაოსურად ხდება.
არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა. საქართველო მომდევნო წლებში აღმოჩნდება ძალიან რთულ მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან მოგვიწევს ისევ ევროპის მოზიდვა“, – განაცხადა თაბაგარმა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ჩინეთის მიმართულებით აქტიური პოლიტიკა, მათ შორის, ყოფილი პრემიერის ვიზიტი ჩინეთში და სავიზო რეჟიმის მოხსნა, არათანმიმდევრულ ნაბიჯად მიაჩნია. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ტურიზმი მხოლოდ შემოსავალი არ არის და მას კულტურული და სოციალური მნიშვნელობაც აქვს.
„ტურიზმი არ არის მხოლოდ ფული - ეს არის კულტურის გაზიარება, სოციალური ურთიერთობები და რეგიონებისთვის, სოფლის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ზუსტად ევროპელები უწყობდნენ ხელს რეგიონების განვითარებას საქართველოში და ამას შორს მავალი ფუნქცია აქვს“, - ამბობს ის.
ანალიტიკოსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზამთრის კურორტების მდგომარეობაზე. მისი თქმით, ხარისხი აშკარად დაქვეითებულია.
„მე როგორც ყოფილი მოთხილამურე და ამავე დროს ტუროპერატორი, ძალიან სხვანაირად ვუყურებ ამ პროცესებს. ძალიან დაბალი დონის ზამთრის კურორტები გვაქვს - პარკინგიდან და მისასვლელი გზებიდან დაწყებული, რიგებითა და მოშლილი ინფრასტრუქტურით დამთავრებული. და ყველაზე მნიშვნელოვანი – უსაფრთხოების დაუცველობა,“ – ამბობს ის.
თაბაგარის თქმით, მიმდინარე სეზონზე ის იმყოფებოდა გუდაური-სა და ბაკურიანი-ში, სადაც თვალში საცემი იყო გზების უხარისხობა და უსაფრთხოების საკითხები.
„უცხოელებთანაც მქონდა ამაზე საუბარი – ადამიანს რომ რაღაც დაემართოს, რამდენად სწრაფად და რამდენად მაღალხარისხიან სამედიცინო დახმარებას მიიღებს? ასეთი საკითხები ჩვენს ქვეყანაში უგულებელყოფილია, რაც ძალიან მაკვირვებს“, – განაცხადა ტურიზმის ანალიტიკოსმა.




























