მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში საოჯახო სასტუმრო Urban Hotel Tsalenjikha გაიხსნა, ინვესტიცია - ₾150 000

წალენჯიხა

ქალაქ წალენჯიხაში საოჯახო სასტუმრო Urban Hotel Tsalenjikha გაიხსნა.

როგორც bm.ge-ის სასტუმროს მფლობელმა გიორგი გოგიბერიძემ განუცხადა, 5-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის, ჯამში, 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„2022 წელს, გავიმარჯვეთ „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამაში და 30 000 ლარის დაფინანსება მივიღეთ. ასევე, დამატებით „საქართველოს ბანკისგან“ ავიღეთ ბიზნესსესხი 70 000 ლარი, რასაც ოჯახის ემიგრანტი წევრის დახმარებით კიდევ 50 000 ლარი დავუმატეთ. მობილიზებული თანხა სასტუმროს კეთილმოწყობას მოხმარდა. სტუმრების მისაღებად უკვე მზად ვართ“, - ამბობს სასტუმროს მფლობელი.

Urban Hotel Tsalenjikha-ში ორადგილიანი ნომრის ღირებულება, კვების გარეშე, 70 ლარია, ლუქსის ტიპის ნომრის კი - 120 ლარი. გარკვეული თანხის დამატების შემთხვევაში კი, სტუმრებს საუზმის და ლანჩის შეკვეთა იმავე შენობის პირველ სართულზე მდებარე კაფე-ბარ "ბაბისოში" შეუძლიათ.

Urban Hotel Tsalenjikha-ის მფლობელი გიორგი გოგიბერიძე ფიქრობს, რომ წალენჯიხის ადგილმდებარეობა შესაძლებლობას იძლევა, ქალაქი სამეგრელოს ტურიზმის ჰაბი გახდეს.

„წალენჯიხაში, შეიძლება, ნახოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თაღოვანი კაშხალი - „ენგურჰესი“, ასევე, ულამაზესი 30-მეტრიანი ინწირას ჩანჩქერი, სადაც ზაფხულის 40-გრადუსიან სიცხეშიც კი, ყინულივით ცივია წყალი. წალენჯიხის რაიონში მდებარეობს ყველასთვის ცნობილი უნიკალური ტობავარჩხილის ტბა და მე-12 საუკუნის კულტურული ძეგლი მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია. წალენჯიხიდან 40 წუთის სავალ გზაზეა მარტვილის კანიონი, სვანეთში წასვლისთვის 1.5 საათი დაგჭირდებათ, ხოლო ანაკლიაში წასასვლელად - 45 წუთი; ფაქტობრივად, ტურისტს შეუძლია, პატარა მწვანე, სუფთა რაიონში განთავსდეს და ყოველდღიურად უახლოესი ლოკაციები მოინახულოს. ამდენად, შესაძლებელია, სამეგრელოს ტურიზმის ჰაბი გახდეს წალენჯიხა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც ბიზნესის აქტიურობა, ისე ადგილობრივი მთავრობის მუშაობა საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად და წალენჯიხის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის, რაშიც ცენტრალური ხელისუფლების, მათ შორის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როლიც დიდია“, - აცხადებს გიორგი გოგიბერიძე.

Urban Hotel Tsalenjikha-ის მფლობელი დარწმუნებულია, რომ რაიონში ტურიზმის პოტენციალის ათვისება ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს, რითაც ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები