საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში აშენდება: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი. მოეწყობა 60 კმ წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს.
პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 650 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,,ინვესტ გრუპი"-ის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.