სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში, გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა 6 აპრილს დაფიქსირდა. ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ დაავადებული მელა თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.
დაავადების გავრცელების პრევენციისა და ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, წალკაში, კონკრეტულ ლოკაციასა და საფრთხის შემცველ მიმდებარე ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
ამ ეტაპზე ტარდება შემდეგი საკარანტინო ღონისძიებები:
- ინფექციის კერის დეზინფექცია;
- დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია;
- ცხოველთა გადაადგილებაზე მკაცრი ზედამხედველობა;
- ინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ უწყება ყოველწლიურად 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) უფასოდ ცრის. სპეციალისტების განცხადებით, ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ დაავადების აღმოფხვრაში გადამწყვეტ როლს სწორედ ვაქცინაცია და უპატრონო ცხოველების პოპულაციის კონტროლი ასრულებს.
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ცხოველები ცოფის საწინააღმდეგოდ“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.






















