მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალკის კანიონის მონიტორინგი მუდმივად ხდება - დაცული ტერიტორიების სააგენტო

დაშბაშის კანიონი

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, „დაშბაშის” კანიონში ჩასასვლელ ტურისტულ ბილიკზე მაღალი საშიშროების მეწყრული და ქვათაცვენითი უბნებია, რაც საფრთხის შემცველია, როგორც ადამიანებისთვის, ასევე იქ განთავსებული ინფრასტრუქტურისთვის. გეოლოგების შეფასებით, საჭიროა გატარდეს გადაუდებელი პრევენციულ-შემაკავებელი ღონისძიებები.

BMG დაინტერესდა, მიღებულია თუ არა შესაბამისი ზომები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, მუდმივად ხდება მონიტორინგი, წალკის კანიონის კლდოვან ფერდებზე ყოველწლიურად ტარდება სამუშაოები და იწმინდება კლდეები საშიში მოძრავი ქვებისგან.

სააგენტოს ინფორმაციით, წალკის კანიონის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

"დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ვიზიტორის უსაფრთხოება. დაცულ ტერიტორიებზე პერიოდულად ხორციელდება ბუნებრივი და ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი მონიტორინგით და კვლევებით, რომელშიც შესაბამისი სპეციალისტები იღებენ მონაწილეობას. საჭიროების შემთხვევაში ხდება გაწმენდითი, დამცავი და გამაგრებითი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა გაწმენდის სამუშაოები, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟება, ნიშნულების განთავსება თუ სხვა. მაგალითისთვის, ოკაცეს ჩანჩქერზე, მარტვილის კანიონზე, სათაფლიაში, რისკის იდენტიფიცირებისთანავე მოხდა კლდის გაწმენდა და დამცავი ბადეებით აღჭურვა. წალკის კანიონის კლდოვან ფერდებზე ყოველწლიურად ტარდება სამუშაოები, იწმინდება კლდეები საშიში მოძრავი ქვებისგან, რათა შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანოთ კლდეებიდან წამოსული ქვათა ცვენის საშიშროება. ჩამოწმენდვითი სამუშაოები ტარდება სტანდარტულად, მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად.

გარდა ზემო აღნიშნულისა ნალექის, წვიმის შემდეგ კანიონი იკეტება და ხდება მისი ლოკალური გაწმენდა. გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად გამოსცემს ბიულეტენს, რომელიც ასახავს შეფასებებს ქვეყნის მასშტაბით არსებული გეოლოგიური მდგომარეობის შესახებ და შესაბამის რეკომენდაციებს განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. მუდმივად ხდება წალკის კანიონის მონიტორინგი გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სპეციალისტების და მეიჯარე კომპანიის მიერ",- აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები