მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცალსახად გამოიკვეთა კერძო სავაგონო პარკების შექმნის საჭიროება - მამუკა მურჯიკნელი

მამუკა მურჯიკნელი

„შუა დერეფანში“კერძო სავაგონო პარკების შექმნის საჭიროება დგას, - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ საუბრისას Wondernet Express Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა განაცხადა.

ცნობისთვის, „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში ინვესტიციების ჩადების აუცილებლობაზე ამ კვირაში ვაშინგტონში, Cosmos Club-ში, ტრანსკასპიური ფორუმის მერვე შეხვედრაზეც იმსჯელეს, სადაც დისკუსიებზე დერეფნის პოტენციალსა და გამოწვევებზე გაკეთდა აქცენტი. „შუა დერეფანს აქვს შანსი განვითარდეს ახლა ან არასოდეს“, - აღინიშნა ფორუმზე, რომელსაც კასპიის პოლიტიკის ცენტრმა (CPC) კასპიის რეგიონის საელჩოებთან პარტნიორობით უმასპინძლა.

„ფორუმზე ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მეტი და მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს აშშ ჩვენს რეგიონში, როგორც „შუა დერეფნის“ განვითარების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ვაჭრობის გაზრდაც შუა აზიურ ქვეყნებსა და ევროპა - აშშ-ს მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი. ცენტრალური აზია ძალიან მზარდი რეგიონია, ბევრი ახალი ქარხანა/ ფაბრიკები აშენდა და მათ სჭირდება გზა, რომ წარმოებული პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანას მიაწოდონ. ამიტომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ინფრასტუქტურა“, - მიიჩნევს მამუკა მურჯიკნელი.

Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ინვესტიციები რამდენიმე მიმართულებით უნდა ჩაიდოს, მათ შორის მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და სასაწყობე მეურნეობების განვითარება, თუმცა ამავე დროს, გამოიკვეთა კერძო სავაგონო პარკების შექმნის საჭიროება.

„მნიშვნელოვანია ინვესტიციები ჩაიდოს და შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კერძო სავაგონო პარკი, რომ ქართულ კომპანიებს გვქონდეს შესაძლებლობა მეტი ვაგონი შევიძინოთ. ეს მოგვცემს კომპანიებს განვითარების საშუალებას და არ გვექნება მხოლოდ სასაწყობე მეურნეობები და არ ვიქნებით მხოლოდ მცირე გადაზიდვებში ჩართულნი. ვფიქრობ, ძალიან ცალსახად გამოიკვეთა ამის საჭიროება და ქართული კომპანიები, კარგი გაგებით, უფრო აგრესიულები უნდა გავხდეთ და ამ მიმართულებით მეტი თანხები უნდა მივმართოთ. თუმცა აქ კერძო კომპანიების რესურსები არ იქნება საკმარისი და ჩართული უნდა იყოს სახელმწიფო კომპანიები თუ სახელმწიფოები“, - მიიჩნევს მამუკა მურჯიკნელი.

მისი თქმით, ამ კუთხით აქტიურობს „საქართველოს რკინიგზაც“, რომელიც თავადაც ცდილობს ვაგონების შეძენას და ლოკომოტივების შეძენა/განახლებას, თუმცა მნიშვნელოვანია მეტი კერძო კომპანია იყოს ამ ბიზნესში წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები