„იმპექსფარმის“ დამფუძნებელი და დირექტორი დავით კოხრეიძე აცხადებს, რომ მედიკამენტების და სურსათის ფასების რეგულირება ორი სხვადასხვა საკითხია და დღეს, „ფასების სამთავრობო კომისიასთან“ შეხვედრისას ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლები მოისმენენ რა ცვლილებებზე შეიძლება საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
22 იანვარს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარკეტებისა და დისტრიბუტორების შემდეგ, ფასების კომისიის ფარგლებში შეხვედრები ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებთანაც იყო დაგეგმილი. მან აღნიშნა, რომ მედიკამენტების და სურსათის რეალიზაციის სპეციფიკა ერთმანეთის მსგავსია. „მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა შედგება უკვე საწვავის რეალიზატორებთან. განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის სპეციფიკა მსგავსია. ასევე საწვავის შემთხვევაშიც, იგივე პრინციპია იმპორტი, დისტრიბუცია, რეალიზაცია. ერთი და იგივე ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად გვინდა შევისწავლოთ ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მისული „იმპექსფარმის“ დამფუძნებელმა თქვა, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირება ხელისუფლებას 2 წლის წინ უკვე დაიწყო.
„წამლებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, რეფორმა უკვე დიდი ხანია დაწყებულია. როცა ფასების კორექტირება დაიწყო, ამ ცვლილებას დისტრიბუციაც და რიტეილიც შეეგუა. ბოლო ორი წელი ჩვენ ამ ცვლილებებში ვართ. შესაბამისად, ახლა კიდევ მოვისმენთ, რა ცვლილებებზეა ლაპარაკი.
საკვები და წამლები ორი განსხვავებული თემაა. უკვე არსებობს სახელმწიფო რეფორმა წამლების ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს კიდევ თუ რამე რესურსია და რამე უნდა სახელმწიფოს, რომ გაატაროს ამ მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ.
ორი წლის უკან ხომ იყო სახელმწიფოს ინიციატორი და ჩვენც გავყევით ამ რეფორმას. მტკივნეული იყო, მაგრამ გავყევით, ხომ? საბოლოოდ, ასე ვთქვათ, კომპანიების გადაწყობა მოხდა. შესაბამისად, თუ კიდევ რაღაცა რეფორმა იგეგმება, ჩვენ არ ვიცით, ჯერ პირველი შეხვედრაა“, - განაცხადა დავით კოხრეიძემ.




























