მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წარმადობის გაზრდას არ ვაპირებთ, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ – როგორია „ჭოტიაშვილების მარნის“ საექსპორტო დინამიკა

ჭოტიაშვილების მარანი

კახეთში მდებარე ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი, რომელიც უკვე წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე, პოზიციების გამყარებასა და არსებული ბაზრების უფრო სიღრმისეულ განვითარებას გეგმავს. როგორც მარნის თანადამფუძნებელმა კახა ჭოტიაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, 2026 წელს განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის ბაზარზე გაკეთდება, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა კვლავ გამოწვევად რჩება.

მისი თქმით, კომპანია ახალი ბაზრების აქტიურ ძიებას არ გეგმავს და სტრატეგიას იმ ქვეყნებში პოზიციების გაძლიერებაზე აგებს, სადაც უკვე ოპერირებს.

"ჯერ რომელ ბაზრებზეც ვართ, იქ მინდა განვავითაროთ პოზიციები და ცნობადობა გავზარდოთ. 2026 წელს ამერიკის ბაზარს უფრო მეტ დროს დავუთმობთ. ნაკლებად იცნობენ ქართულ ღვინოს და მინდა, რომ იქ, სადაც ჩვენი ღვინო იყიდება, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც ქართულ ღვინოზე, ისე ჩვენს პროდუქტზე“, – აცხადებს ჭოტიაშვილი.

ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანიორეში მდებარეობს. კახა და უჩა ჭოტიაშვილებმა ვენახების გაშენება 2002 წელს დაიწყეს, ხოლო 2013 წელს საქმიანობა კომპანიად – შპს „საწნახელად“ ჩამოყალიბდა. მარნის ძირითადი მიმართულება ტრადიციული, ქვევრის ტექნოლოგიით ღვინის წარმოებაა.

„ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ტრადიციული მეღვინეობა, ანუ ქვევრში ღვინის წარმოება. შეიძლება ჩვენს მარანს არაოფიციალურად ექსპერიმენტულიც ვუწოდოთ, რადგან მივიწყებული ქართული საღვინე ჯიშების აღდგენაზე ვმუშაობთ და დღეს 40-ზე მეტი ყურძნის სახეობა გვაქვს“, – ამბობს მეღვინე.

ამჟამად მარნის საკუთრებაში დაახლოებით 17 ჰექტარი ვენახია. 40-ზე მეტი ჯიშიდან 16 კომერციულ წარმოებაშია ჩაშვებული, დანარჩენები ექსპერიმენტულ ეტაპზეა. მათ შორისაა სიმონასეული („ჩიტისთვალა ბოდბური“), „კახური მცვივანი“, „ბუდეშური საფერავი“ და სხვა იშვიათი ჯიშები. წლიური წარმოება დაახლოებით 50 000 ბოთლს შეადგენს.

მეღვინის შეფასებით, ბიზნესის განვითარება მოლოდინზე სწრაფად წარიმართა. საწყისი კაპიტალი ძირითადად საკუთარი რესურსი – ვენახები და მათგან მიღებული ყურძენი იყო. კომპანიამ მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 40 000 ლარის საბანკო კრედიტით ისარგებლა, რომელიც მოკლე პერიოდში დაფარა და მას შემდეგ, დამატებითი სესხი აღარ აუღია. დღეს მეღვინეობაში მუდმივად 12 ადამიანია დასაქმებული, ხოლო რთველის პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 15-20 ადამიანით იზრდება.

"წარმადობის დიდად გაზრდას არ ვაპირებთ. გვინდა, საშუალო ზომის მარნად დავრჩეთ, რადგან თუ ძალიან გავიზრდებით, ის ხარისხი და მიდგომა, რაც დღეს გვაქვს, გაგვიჭირდება შევინარჩუნოთ", – განმარტავს ჭოტიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, წარმოებული ღვინის დაახლოებით ნახევარი ადგილობრივ ბაზარზე – სპეციალიზებულ მაღაზიებსა და რესტორნებში იყიდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. ძირითადი საექსპორტო მიმართულებები ევროკავშირის ქვეყნები და აშშ-ია. კოვიდპანდემიამდე ექსპორტის წილი 60%-ს აღწევდა, თუმცა ამჟამად ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს შორის ბალანსი დაახლოებით 50/50-ზეა.

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის ფასი 24-დან 90 ლარამდე მერყეობს, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე ზოგიერთი ღვინის ღირებულება 60 დოლარიდან იწყება. მიუხედავად გლობალური ტენდენციისა, რომელიც ღვინის მოხმარების შემცირებას უკავშირდება, ჭოტიაშვილის თქმით, მათი პროდუქციის მიმართ მოთხოვნა სტაბილურია და საერთაშორისო ბაზარზე ფასიც ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები