ფინანსთა ექსმინისტრი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაცია მისი მინისტრობის დროს არ ჰქონია. ამის შესახებ მან სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დღეს პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ ცნობილი მისთვის მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა.
“ჩორჩანაზე საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ გავიგე ტელევიზიებით სულ რამდენიმე კვირაა, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა”, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
კითხვაზე მის პასუხებს დაკითხვაზე გამოიყენებენ თუ არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არ იცის.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებას უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი შესწავლის საგანი ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას იმ დროინდელი ქმედებებია.




























