საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ეკა სირაძე დელონეს რთულიად წარმოუდგენია სცენარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას თავისი ნებით დათმობს. ამის შესახებ 2013-2018 წლებში საფრანგეთში საქართველოს ელჩმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატი „ქართული ოცნების“ მოქმედებებში პირდაპირ რუსულ კვალს ვერ ხედავს, მაგრამ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
"ალბათ "ოცნება" ეტყვის [EU-ს], ჩვენც გავაუქმებთ თქვენთვის ვიზებსო" - ინტერვიუ ეკა სირაძე დელონესთან
- რატომ მიატრიალა „ოცნებამ“ პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ?
- იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო არ აინტერესებს. „ოცნებას“ პირადი ინტერესები აქვს, რაც მხოლოდ პირად ეკონომიკურ კეთილდღეობას უკავშირდება.
- მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ექცევა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ასე?
- ფინანსურ მოგებაზეა საუბარი და არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მაგრამ ძალაუფლება არის გზა, რომლითაც შეინარჩუნებ პირად კეთილდღეობას.
- რუსეთის აჩრდილს ვერ ხედავთ „ქართული ოცნების“ მოქმედებებში?
- ეს არის პუტინის ინტერესის თანხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან... ორივეს ინტერესები განსხვავდება. ერთის ინტერესია - შეინარჩუნოს ძალაუფლება და გავლენები შავ ზღვაზე, თუმცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რაც ხდება, კარგად ვხედავთ... მთლიანად მაინც ვერ აკეთებს ამას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიის კარიბჭე და ამ შემთხვევაში, მისთვის საქართველო ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს; პუტინისთვის შავი ზღვაა ძალიან მნიშვნელოვანი; ამიტომაც მოხდა 2014 წელს უკრაინის ნაწილის ოკუპირება... პუტინის ინტერესია, აღადგინოს სერიოზული ზეგავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ბიძინა ივანიშვილის ინტერესი კი, ვფიქრობ, არის თავისი ფინანსური კეთილდღეობის შენარჩუნება და ეს თუ გადის იმაზე, რომ მუდმივად ჰქონდეს საქართველოში ძალაუფლება, რატომაც არა. სწორედ ამას ვხედავთ ახლა... წარმოგიდგენიათ სცენარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება თავისი ნებით ხელისუფლებაში?! დაახლოებით, 10 წლის წინ საუბრობდა 2030-ის პროექტზე.
- დააფუძნა საზოგადოება „2030“...
- დიახ და მაშინ ცოტა ისე ჟღერდა ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ 2060-ზეც ისაუბრებს. რამდენი ხანიც შეუძლია გააკეთოს პროექცირება თუ რამდენი წელი იცხოვრებს, იქამდე გაწერს, სანამ ამის შესაძლებლობას მივცემთ ჩვენ - საქართველოს მოსახლეობა, იქამდე გააკეთებს იმას, რისი შესაძლებლობა და სურვილი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ჩამოიცილა ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოზე საუბრობდა და დაიტოვა ის ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ვიწრო, პირადი ინტერესი ვიდრე - საქართველოს ინტერესი.




























