საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკა სირაძე დელონე ვარაუდობს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი გაუუქმდება. ყოფილ დეპუტატს ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და რეპრესიულ კანონებზე. „ალბათ „ოცნება“ ეტყვის [ევროკავშირს], ჩვენც გავაუქმებთ თქვენთვის ვიზებსო“ - ასეთ რეაქციას ელის 2013-2018 წლებში საფრანგეთში საქართველოს ელჩი მმართველი პარტიისგან ევროკომისიის წერილის პასუხად. „მესმის, ევროპისთვის ძალიან რთულია [უვიზო რეჟიმის] შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება და ძალიან ცუდია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ შესაძლოა, რაღაც ცუდმა ნაბიჯებმა მოიტანოს პოზიტიური ცვლილებები და იქნებ ქვეყნისთვის ეს უკეთესიც აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც ასევე, ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის ინტერესების თანხვედრაზე.
- ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობის შედეგია ევროკავშირის წერილი, რომელიც მიიღო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და სადაც საუბარია უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების პირობებზე. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას EU-ის პირობების შესრულებისთვის ვადა 31 აგვისტომდე მისცეს. ხომ არ აგვიანებს ევროპა მოქმედებებს საქართველოსთან მიმართებით?
- ძალიან საინტერესო და ამავდროულად სამწუხარო ეპოქაში ვცხოვრობთ იმ თვალსაზრისით, როდესაც ქართველი ხარ და უყურებ იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება... რთული შეკითხვა დამისვით...
- ანუ ევროპა არ აგვიანებს, უბრალოდ, ჩვენ გვეჩქარება ძალიან?
- ჩვენ რომ გვეჩქარება, ეს ცალსახაა, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი დროის შერჩევა კონკრეტული აქტების და გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა არ მივიღოთ უარესი რეაქცია, ვიდრე მოლოდინი გვაქვს. არ ვცდილობ ან გავამართლო ან დავადანაშაულო ევროკავშირი, უბრალოდ, ვფიქრობ, ის ქმედებები, რაც განახორციელა ჩვენმა ე.წ. ხელისუფლებამ, [რადგან ძალიან ცოტაა ისინი, ვინც აღიარებს ბოლოს არჩევნებს, როგორც დემოკრატიულს და თავისუფალს] განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამძიმებს სიტუაციას - „ოცნების“ ქმედებებმა დამსჯელობითი ხასიათი მიიღო; როგორც თავად კაია კალასმა განაცხადა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაჭერილები არიან, მოქალაქეებს სცემენ იმისთვის, რომ გამოთქვეს საკუთარი აზრი ან იდგნენ აქციებზე; არაფერს ვამბობ დაჯარიმებებზე... ცხადია, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოს ძალაუფლების მთლიანი უზურპაცია და სრულად გააკონტროლოს სიტუაცია ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავინ კრიტიკულ აზრს ვერ დააფიქსირებს და ადამიანებს შესაძლებლობა არ ექნებათ, რამე გააპროტესტონ. კარგია, რომ ამ ყველაფერს ხედავს ევროკავშირი და ჩვენი ევროპული პარტნიორები; მათ ნამდვილად შესტკივათ გული საქართველოზე. მე თუ მკითხავთ, კარგი იქნებოდა, რაღაც კონკრეტული [შედეგი] ყოფილიყო, გარდა წერილისა; მეორე მხრივ, მესმის, რომ ბოლო შანსია [ქართული ოცნებისთვის] და რაღაც თვალსაზრისით მესმის ისიც, რომ მათთვის უფრო მყარი და მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება [უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე] როცა ის პუნქტები არ იქნება შესრულებული, რაზედაც წერილშია საუბარი. ევროპისთვის ძალიან რთულია [უვიზო რეჟიმის] შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება და ძალიან ცუდია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ შესაძლოა, რაღაც ცუდმა ნაბიჯებმა მოიტანოს პოზიტიური ცვლილებები და იქნებ ქვეყნისთვის ეს უკეთესიც აღმოჩნდეს, საბოლოო ჯამში.
- „სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა!“ - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა კაია კალასს და სხვა ევროპელ ლიდერებს წერილით, ვიდრე ევროკავშირი თავად გამოგზავნიდა წერილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახელზე... რატომ ითმენს ამდენს ევროკავშირი? თუ სწორ დროს ელოდებიან? სად არის სიმართლე?
- როგორც წესი, ერთი სიმართლე არაა ხოლმე და ეს დამოკიდებულება კომპლექსურია. მოდი, მივეჩვიოთ იმას, რომ არაა საქართველო ასეთი პრინციპულად მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის; ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირი, ვიდრე საქართველო მისთვის, თუმცა უინტერესო ქვეყანაც არაა საქართველო.ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია შავ ზღვაზე სტრატეგიული პარტნიორის ყოლა; ისეთის, რომელსაც „სანდო პარტნიორს“ უწოდებდნენ, ვიყავით კიდეც და ამ ყველაფერს ხედავდა და აფასებდა EU, თუმცა სამწუხაროდ, არ აღმოვჩნდით სანდო პარტნიორი... სტრატეგიული მოთმენა არის ბოლო შანსი და რაღაც თვალსაზრისითაც, სულ ვამბობ, რომ ევროკავშირი არ არის ის პოლიტიკური ერთიანობა, რომელმაც შეიძლება, რაღაც ტიპის ცალსახა ჩარევა გააკეთოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში; ის ამას არ გააკეთებს, მით უმეტეს საქართველოში. შესაბამისად, ისინი აძლევენ შანსს [საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას]; EU-ის ლიდერების გზავნილები არაა ორაზროვანი, ის ძალიან მკაფიოა და ამ მესიჯებს წაკითხვა სჭირდება. მთავრობა კი, ვითომ არ იგებს და არ იმჩნევს ამ გზავნილებს და პირიქით, ამას ისე ატრიალებენ, რომ თითქოს ევროკავშირი არის ძალიან სუსტი, არაფრის მაქნისი, არაფრის მომცემი და ა.შ. სტრატეგიული მოთმენის დრო ამოიწურა და ძალიან სწორი აქცენტები აქვს გაკეთებული ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს წერილში, რომლითაც ევროპელი ლიდერებს მიმართა და სადაც აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს ანუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ყველას შეგვეხება, ყველა დავისჯებით...
- კაია კალასმაც განაცხადა გუშინ, რომ არ გვსურდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება, რადგან უვიზო რეჟიმის წაღებას ნამდვილად ექნება მათზე გავლენა, თუმცა EU აძლევს ბონუსს ქვეყანას, რომელიც არ აკმაყოფილებს პირობებს, ამას მოჰყვება შედეგები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არ არისო...
- სამწუხაროდ, ჯერაც არიან მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა, რომელიც სრულიად უინტერესოდაა განწყობილი ანუ არაა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში; ასევე, არის მეორე ნაწილი, რომელსაც არ სურს გაიგოს, რა ხდება დღეს ქვეყანაში და ალბათ მათაც მოუწევთ, გაიგონ, ვინაიდან [ევროკავშირის] მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ყველას შეგვეხება...
- შეუჩერებენ საქართველოს უვიზო რეჟიმს?
- საბოლოო ჯამში, ალბათ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას [უვიზო რეჟიმის შეჩერებას]... იცით, კონტექსტს რომ შევხედოთ და ასევე, თანმიმდევრულად შევაფასოთ, ქმედებები, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებს, ვხედავთ, ძალიან მძიმდება მდგომარეობა - იზრდება რეპრესიები ქართველი ხალხის და ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ; ის, რომ ბიზნესმენებზე მიდის ზეწოლა, ხომ ფაქტია?! სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით... ვიღაცას დაიჭერენ და შემთხვევით იარაღს უპოვიან... ვიღაცასთან ფინანსური პოლიცია შევა, მერე დაიბარებენ... ამას ხომ ვხედავთ და ეს ხომ ტენდენცია ხდება?! რეპრესიები არ ეხება მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და იმ ადამიანებს, ვინც აქციებზე დადიან - ეს ყველას ეხება.
- როგორ ფიქრობთ, რა იქნება „ქართული ოცნების“ პასუხი ევროკომისიის წერილზე?
- ძნელად წარმომიდგენია, როგორ დაიწყებს „ქართული ოცნება“ უკუსვლას [როგორ იტყვის უარს ანტიდემოკრატიულ კანონებზე]; იცით, რას ველოდები?! - ალბათ „ქართული ოცნება“ ეტყვის [ევროკავშირს], რომ ჩვენც გავაუქმებთ თქვენთვის ვიზებსო... ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ არ გამიკვირდება; ეტყვიან - „ჩვენც გაგიუქმებთ ვიზებს - ფრანგები ვეღარ შემოვლენ ვიზის გარეშე საქართველოშიო“.
- რატომ მიატრიალა „ოცნებამ“ პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ?
- იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო არ აინტერესებს. „ოცნებას“ პირადი ინტერესები აქვს, რაც მხოლოდ პირად ეკონომიკურ კეთილდღეობას უკავშირდება.
- მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ექცევა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ასე?
- ფინანსურ მოგებაზეა საუბარი და არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მაგრამ ძალაუფლება არის გზა, რომლითაც შეინარჩუნებ პირად კეთილდღეობას.
- რუსეთის აჩრდილს ვერ ხედავთ „ქართული ოცნების“ მოქმედებებში?
- ეს არის პუტინის ინტერესის თანხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან... ორივეს ინტერესები განსხვავდება. ერთის ინტერესია - შეინარჩუნოს ძალაუფლება და გავლენები შავ ზღვაზე, თუმცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რაც ხდება, კარგად ვხედავთ... მთლიანად მაინც ვერ აკეთებს ამას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიის კარიბჭე და ამ შემთხვევაში, მისთვის საქართველო ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენს; პუტინისთვის შავი ზღვაა ძალიან მნიშვნელოვანი; ამიტომაც მოხდა 2014 წელს უკრაინის ნაწილის ოკუპირება... პუტინის ინტერესია, აღადგინოს სერიოზული ზეგავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ბიძინა ივანიშვილის ინტერესი კი, ვფიქრობ, არის თავისი ფინანსური კეთილდღეობის შენარჩუნება და ეს თუ გადის იმაზე, რომ მუდმივად ჰქონდეს საქართველოში ძალაუფლება, რატომაც არა. სწორედ ამას ვხედავთ ახლა... წარმოგიდგენიათ სცენარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება თავისი ნებით ხელისუფლებაში?! დაახლოებით, 10 წლის წინ საუბრობდა 2030-ის პროექტზე.
- დააფუძნა საზოგადოება „2030“...
- დიახ და მაშინ ცოტა ისე ჟღერდა ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ 2060-ზეც ისაუბრებს. რამდენი ხანიც შეუძლია გააკეთოს პროექცირება თუ რამდენი წელი იცხოვრებს, იქამდე გაწერს, სანამ ამის შესაძლებლობას მივცემთ ჩვენ - საქართველოს მოსახლეობა, იქამდე გააკეთებს იმას, რისი შესაძლებლობა და სურვილი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ჩამოიცილა ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოზე საუბრობდა და დაიტოვა ის ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ვიწრო, პირადი ინტერესი ვიდრე - საქართველოს ინტერესი.
- წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?
- საქართველოში წერტილი უნდა დავუსვათ ოლიგარქიას.




























