მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებამ" ევროკომისიისგან წერილი მიიღო - 8 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უვიზოს შესანარჩუნებლად უნდა შეასრულოს

ევროკავშირი-საქართველო

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს და გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებულ ინფორმაციას სთხოვს.

წერილის თანაადრესატები, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ასაჯაროებს, ასევე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი. ჯერჯერობით, წერილი ოფიციალურად არ გაუვრცელებია "ოცნების" მთავრობას ან საგარეო უწყებას, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

წერილი ასევე გაასაჯაროვა "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა, სადაც პირობების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა მითითებული, ხოლო ადრესატი არის საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში; ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.

დოკუმენტში მოთხოვნილია ინფორმაცია იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ასევე, არის მოწოდება, რომ თუ უკვე არ გადადგმულა ნაბიჯები, გატარდეს შესაბამისი ზომები.

წერილში აღნიშნულია, რომ კომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის კონტექსტში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.

"ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში თქვენი თანამშრომლობის იმედი მაქვს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოსთან ძლიერი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების მიმართ",- აღნიშნულია წერილში.

კომისიის 2024 წლის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.

წერილის თანახმად, კომისიამ გამოსცა რამდენიმე რეკომენდაცია. მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა. კონკრეტული რეკომენდაცია ფოკუსირებული იყო ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე, რათა გაეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ეხება ბიუროს ეფექტურ დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ფუნქციებს.

მთავრობის მხრიდან უმოქმედობის საპასუხოდ კი 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა გადაწყვიტა შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის. შესაბამისად, 12-მა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის, რასაც სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან.

წერილს ერთვის დეტალური რეკომენდაციები, რომლებიც ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაიცა:

  1. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
  2. თავიდან აიცილონ და გააუქმონ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და შეიტანონ ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყონ LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა.
  3. საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლებიც ვიზას საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალურ მიგრაციას ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ.
  4. წევრ სახელმწიფოებში უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოსაგვარებლად ქმედებების გააქტიურება, როგორიცაა უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები შესაბამისი მიგრანტების პროფილებისთვის და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება.
  5. შეიქმნას აქტივების აღდგენის და აქტივების მართვის ოფისი და გაგრძელდეს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის მიმართულებით.
  6. მიიღეთ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოთ მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და განხილვას.
  7. ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციების გათვალისწინებით.
  8. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება. „ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი",- აღნიშნა მან და თქვა, რომ რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები