მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება.. "ოცნებას" ვადა აგვისტოს ბოლომდე მიეცა - კალასი

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დღეს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება.

"ქართული ოცნების" მხრიდან დემოკრატიის თავდასხმა უკიდურესად მზარდია. დღეს, ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების დახმარების საკითხი და სხვადასხვა შესაძლებლობა რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს მოიცავს უვიზო რეჟიმისა და ასოცირების შეთანხმების შეჩერებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება", - განაცხადა კალასმა.

შეხვედრის დაწყებამდე მან თქვა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება თუ მთავრობა გარკვეულ პირობებს არ დააკმაყოფილებს. „ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი".

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კალასს ჟურნალისტმა წერილის პირობებზე ჰკითხა, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი "ქართული ოცნების" მთავრობისგან ითხოვს იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ გაუქმდეს.

კალასი ამბობს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან აქვს და ეს არის "დიდი სარგებელი, რასაც ევროკავშირი ქვეყნებს აძლევს". მისივე თქმით, ამ რეჟიმის პირობებში მთავრობები იღებენ ვალდებულებებს, რომ დაიცავენ ფუნდამენტური უფლებებს, მათ შორის: შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დისკრიმინაციის არ დაშვებას და ა.შ.

"ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს, არის ის, რომ უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა, ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია.

მათ მიეცათ ვადა აგვისტოს ბოლომდე პირობების შესასრულებლად. შემდეგ ჩნდება კითხვა, რა იქნება ჩვენი რეაქცია თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება. როცა გვესმის მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონერი ლიდერი დაკავებულია ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ პუნქტებს, რაზედაც განვაცხადე. აქამდე ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ არ გვსურდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება და უვიზო რეჟიმის წაღებას ნამდვილად ექნება მათზე გავლენა, თუმცა ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხიც. თუ ჩვენ ვაძლევთ სარგებელს, ბონუსს ამ ქვეყანას, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ პირობებს, ამას მოჰყვება შედეგები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სერიოზულად არ უყურებს", - განაცხადა კალასმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები