Alpha Architecture თბილისში, მშრალ ხიდთან, მტკვრის სანაპიროზე ახალ პროექტს აანონსებს.

კომპანიის თანახმად, პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციურ გასტრონომიულ სივრცეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, კვების ობიექტებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს ქალაქ თბილისში, მშრალ ხიდთან, მტკვრის სანაპიროზე.
პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციურ გასტრონომიულ სივრცეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს, კვების ობიექტებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.
პროექტის მიზანია ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა თბილისის შუაგულში. შექმნას ახალი შეხვედრის ადგილი, სადაც როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე სტუმრები შეძლებენ მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას, ურთიერთობასა და ქალაქის ხედებით ტკბობას.
შენობის არქიტექტურულ სახეს განსაზღვრავს მდინარე და მის გასწვრივ მდგარი ნავის ფორმის შენობა სკულპტურული გადახურვით, სპილენძისფერი ზედაპირებითა და გამჭვირვალე მინის ფასადებით. წაგრძელებული ფორმა სანაპიროს მიმართულებას მიჰყვება, ხოლო გადახურვის რბილი ხაზები და დახრილი საყრდენები შენობას გამორჩეულ, დინამიკურ იერს ანიჭებს. ფართო შემინვა ინტერიერს ბუნებრივი განათებით ავსებს და მდინარესთან, გამწვანებასა და ქალაქის პეიზაჟთან ვიზუალურ კავშირს ქმნის.
სხვადასხვა დონეზე განთავსებული ღია ტერასები და სახურავზე მოწყობილი გამწვანებული სივრცე კვებისა და დასვენების ფუნქციას ღია ცის ქვეშ აგრძელებს. გადახურვის ფართო შვერილები ქმნის გადახურულ გარე ზონებს, ხოლო შენობის გახსნილი ქვედა დონე არქიტექტურულ მოცულობას ვიზუალურად ამსუბუქებს და მიმდებარე გარემოსთან აკავშირებს.
მშრალ ხიდთან მდებარეობა პროექტს თბილისის ისტორიულად გამორჩეულ კულტურულ და საზოგადოებრივ გარემოს უკავშირებს. ახალი გასტრონომიული სივრცე მიზნად ისახავს სანაპიროს ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ადგილობრივი სარესტორნო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნასა და ამ ტერიტორიაზე დამატებითი მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებას.
პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფეროვან კულინარიასა და ქალაქურ ურთიერთობებს - სივრცეს, სადაც საკვებთან ერთად მნიშვნელოვანი თავად გარემო და ადამიანების შეხვედრის გამოცდილებაა", - წერს კომპანია სოციალურ ქსელში.






















